გურამ მაჭარაშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძეს: გამობრძანდით ბატონებო! - აი, ბურთი და მოედანი
"გამობრძანდით ბატონებო! - აი, ბურთი და მოედანი" - ასე ეხმაურება “ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალების ფაქტს.
მისი თქმით, შეწყალების აქტის გამოცემა "ძალიან კარგი ჟესტი და სახელმწიფოებრივი მიდგომაა".
ჩვენ გვახსოვს, რომ მიხეილ ყაველაშვილმა რამდენიმე კვირის წინ შესთავაზა “ნაცმოძრაობის” ამ ფილიალის წარმომადგენლებს, ე.წ პოლიტიკოსებს, რომ შეწყალებასთან დაკავშირებით განცხადება დაეწერათ და მონაწილეობა მიეღოთ წინასაარჩევნო კამპანიაში, რაზეც უარი განაცხადეს და რითაც დაადასტურეს, რომ რეალურად, მათი მიზანი იყო არა არჩევნებში მონაწილეობა, არამედ დამალვა და მიზეზის გამოძებნა, თუ რატომ აგებდნენ არჩევნებს. ახლა უკვე სახელმწიფოებრივი მიდგომაა, რაც პრეზიდენტმა ყაველაშვილმა გააკეთა, რომ როცა წინასაარჩევნო კამპანიაა და ვაიპოლიტიკოსებს პრეტენზია აქვთ, რომ მათ ვინმე დევნის - აი ბურთი და მოედანი, გამობრძანდი და თუ გაქვს შესაბამისი რესურსი გინდა არჩევნები მოიგე და გინდა შესაბამისი შედეგი დადე. რეალობა ის არის, რომ მათ არანაირი რესურსი არ აქვთ, არამხოლოდ ამომრჩეველთა სანდოობაზეა საუბარი, არამედ ელემენტარულად ნახევარზე მეტ ოლქში ფორმალურადაც ვერ მოძებნეს კანდიდატები რომ დაეყენებინათ. კანდიდატი ვერ მოძებნეს და მხარდაჭერებს როგორ მოძებნიან? ძალიან კარგი ჟესტია პრეზიდენტის მხრიდან - გამობრძანდით ბატონებო. ერთი მხრივ, აღსრულდა კანონი, რომ დაარღვიეს კანონი და სასამართლომ იმოქმედა და მეორე მხრივ, არ თქვან რომ ციხეში ვიყავით და როგორ მოვიგებდით არჩევნებსო - გამობრძანდით, ერთი თვეა დარჩენილი და თუ რაიმე რესურსი გაქვთ შედეგი დადეთ”, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
„ქართული ოცნების“ მიერ დაკომპლექტებული კოლეგიის მიერ პრეზიდენტად არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა "ლელოს" ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს შეიწყალა.
პარტიაში ამბობენ, რომ შეწყალების მოთხოვნით პოლიტიკურ ლიდერებს ყაველაშვილისთვის არ მიუმართავთ.