მუხანათური, ბინძური საქციელი - მამუკა ხაზარაძემ ყაველაშვილის გამოცემულ შეწყალების აქტს "სამართლებრივი ნონსენსი" უწოდა

05.09.25 14:47
მუხანათური, ბინძური საქციელი - მამუკა ხაზარაძემ ყაველაშვილის გამოცემულ შეწყალების აქტს "სამართლებრივი ნონსენსი" უწოდა

ის, რაც გააკეთა ე.წ. პრეზიდენტმა სამართლებრივი "ნონსენსია" - ამის შესახებ "ლელო-ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა. როგორც ხაზარაძემ მედიას უთხრა, შეწყალების გადაწყვეტილება მისთვის აბსოლუტურად მოულოდნელი იყო.

მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" დაპირისპირების შემოტანა სურს. 

ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა "ქართულ ოცნებას" მიმართა დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ, ყველა ვინც ციხეში იდენტური ბრალით არის დაკავებული.

უპირველეს ყოვლისა, მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, იმ ადამიანებს, ნაცნობებს, განსაკუთრებით უცნობებს, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში გვეხმიანებოდნენ, გვამხნევებდნენ. მადლობა მინდა გადავუხადო მედიას ჩვენი მხარდაჭერისთვის. მინდა გითხრათ, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად მოულოდნელი. იცით, რომ ჩვენ შეგნებულად წავედით ამ ნაბიჯზე, მე და ბადრი ჯაფარიძე არ ვეთანხმებით იმ მოცემულობას, რაც ქვეყანაშია შექმნილი, ეს არის არალეგიტიმური პარლამენტი, ეს არის მიტაცებული პარლამენტი, ეს არის მიტაცებული პრეზიდენტის სავარძელი. მიუხედავად იმისა, რომ მან დღეს შეწყალებით გამოგვიშვა. გასაგებია, რომ მადლიერების გრძნობა არ მაკლია, მაგრამ ეს არის მუხანათური, ძალიან ბინძური საქციელი, როცა ჩვენი თანამებრძოლები ზუსტად იმავე მუხლით, იმავე „დანაშაულით“ იხდიან სასჯელს.

ჩემი და ბადრი ჯაფარიძის დღეს გამოშვებას აბსოლუტურად არ ველოდებოდით. გამოგვიშვეს მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამის გამო, რომ მოხდეს შავი პიარის გადმოსხმა, რაც არ გამოუვათ, რადგან ის, რაც დღეს გააკეთა ე.წ. პრეზიდენტმა, ეს არის სამართლებრივი ნონსენსი, ადამიანების თავისუფლებით მანიპულირება, კანონის ფეხქვეშ გათელვა და ადამიანებით ვაჭრობა.

თუ უახლოეს დღეებში ე.წ. პრეზიდენტი არ გამოუშვებს იმ დარჩენილ პოლიტპატიმრებს, რომლებიც აბსოლუტურად იმავე მუხლით არიან დაპატიმრებულები, ეს იქნება კიდევ ერთი ყველაზე დიდი ლუსტრაცია იმის, რომ ბიძინა ივანიშვილი, „ქართული ოცნება“, მისი პრეზიდენტი იყენებს საქართველოს კანონმდებლობას, იყენებს მისი პირადი ინტერესებისთვის და ეს იქნება კიდევ ერთი ნათელი მაგალითი მსოფლიოსთვის, დემოკრატიული სამყაროსთვის, რომ ეს ადამიანები რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოვიშოროთ ხელისუფლებიდან" - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ საპატიმროს დატოვების შემდეგ.

 „ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ საპატიმრო დატოვა. ის ბადრი ჯაფარიძესთან ერთად „ოცნების" პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა შეიწყალა.
 

მსგავსი სიახლეები