13 სექტემბერს თბილისში დაგეგმილ საპროტესტო აქციას გორელი სამოქალაქო აქტივისტებიც უერთდებიან
13 სექტემბერს თბილისში დაგეგმილ საპროტესტო აქციას გორელი სამოქალაქო აქტივისტებიც უერთდებიან. ამის შესახებ მათ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს.
აქტივისტების თქმით, „ქართული ოცნება“ საკუთარი საბოტაჟური ქმედებებით საფრთხეს უქმნის საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ მონაპოვარს — უვიზო მიმოსვლას, რომელიც ქვეყნის თავისუფლების, განვითარების და მშვიდობის გარანტიაა. მათი შეფასებით, ხელისუფლების ნაბიჯები ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ მომავალს და სწორედ ამიტომ ისინი ჩაერთვებიან პროტესტში.
"ქართული ოცნება" აკანონებს საქართველოში უსამართლობას და ძალადობას, რომლის მკაფიო მაგალითიცაა 60-მდე უკანონოდ დატყვევებული ქართველი პატრიოტი. სწორედ "ქართული ოცნება" დღეს მისი საბოტაჟური ქმედებებით საქართველოს ართმევს საქართველოს სახელმწიფოებრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ მონაპოვარს - უვიზო მიმოსვლას. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ უვიზო მიმოსვლა არ არის მხოლოდ ერთგვარი ბერკეტი საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გადაადგილდნენ. უვიზო მიმოსვლა ერთგვარი გარანტიაცაა ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, წინსწვლის, განვითარების და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და ხაზგასასმელია - რეალური, ხანგრძლივი მშვიდობის.
ამ ყველაფერთან ერთად, "ქართული ოცნება" ეწინააღმდეგება ამ ყველაფერს და ბოლო დროინდელმა მისმა მოქმედებებმა მკაფიოდ აჩვენა, რომ ის მოწინააღმდეგეა ქვეყნის განვითარების, ევროინტეგრაციის და უვიზო მიმოსვლის.
ამიტომ ჩვენ, გორელი პროტესტანტები, ვუერთდებით 13 სექტემბერს დაგეგმილ აქციას და საღამოს 19:00 საათზე ვიკრიბებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, - განაცხადეს ბრიფინგზე.