"ოცნება" ისევ ამტკიცებს, რომ მოძალადე პოლიციელების იდენტიფიცირებას ვერ ახდენს
ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ცხრა თვის შემდეგაც კი ვერ ხერხდება იმ ადამიანების იდენტიფიცირება, რომლებიც ჟურნალისტებსა და აქციის მონაწილეებს დაესხნენ თავს და რადგან ისინი იდენტიფიცირებულები არ არიან, ბრალსაც ვერ წაუყენებენ.
კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას ათასი ადამიანი ძალადობდა, თუმცა მათგან 970-ის იდენტიფიცირება ვერ მოახდინეს.
თუ არ არსებობს უტყუარი მტკიცებულება, თუ არ არის იდენტიფიცირებული დამნაშავე პირი, ამ შემთხვევაში ბუნებრივია ვერ მოხდება ბრალის წაყენება, დანარჩენზე მოგახსენებენ შესაბამისი უწყებები. მაგრამ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საქართველოსი მოქმედებს მაღალი სამართლებრივი სტანდარტი, სწორედ ამიტომ გვაქვს 3%-იანი მაჩვენებელი მოძალადე "ნაცების" დაკავებასთან დაკავშირებით.
უწყებას აქვს დეტალური ინფორმაცია ყველა გამოძიებასთან დაკავშირებით, მათ შორის აქვს პირთა იდენტიფიცირების, თუ ვერ იდენტიფიცირების მიზეზებთან დაკავშირებით. მათგან შეგიძლიათ გამოითხოვოთ ყველა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რატომ ვერ მოხდა შესაბამისი პირების იდენტიფიცირება და კიდევ ერთხელ გიმეორებთ, აქ საუბარია 2-3 შემთხვევაზე, სამართალდამცავების შემთხვევაში და 3%-იანი მაჩვენებელი უკვე გასაგებია რასაც ნიშნავს და როდესაც საუბარი იყო აქციის მონაწილეებზე 1 000 ადამიანი ძალადობდა და იმის გამო, რომ არის მაღალი სტანდარტი იქაც ვერ მოხერხდა 970 ადამიანის იდენტიფიცირება," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
უფლებადამცველი, თორნიკე მიგინეიშვილი აღნიშნავს, რომ თუ "ქართულ ოცნებას" აქვს სურვილი კონკრეტული პირების იდენტიფიცირების, მათ ამის შესაძლებლობა აქვთ, რადგან სინდისის პატიმრების პროცესებზე გამოკითხული გდდ-ს თანამშრომლები მიუთითებდნენ, რომ აქციების დროს მათ ჰქონდათ მაიდენტიფიცირებელი ნომრები.
ამას პოლიტიკური მოტივაცია შეიძლება დავარქვათ და სურვილი იმისა, რომ არ არის ნება კონკრეტული პიროვნებები დაისაჯონ და უბრალოდ ხელს აფარებს მათ თუნდაც მმართველი პარტია. არ უნდა დაგვავიწყდეს სინდისის პატიმრების პროცესებზე მოსული გდდ-ს თანამშრომლები, რომლებმაც აღნიშნეს, რომ მათ აქვს მაიდენტიფიცირებელი ნიშნები. ეს არ იყო მხოლოდ ერთი ადამიანი, რამდენიმე ადამიანმა ერთი და იგივე გაიმეორა, აქედან გამომდინარე თუ არსებობს ნება და თუ საგამოძიებო ორგანო რეალურად იმუშავებს ამ მიმართულებით შესაძლებელია თუ არა ყველასი, უმრავლესობის დაიდენტიფიცირება მაინც," - ამბობს თორნიკე მიგინეიშვილი.