"სანქციები მუშაობს" - სანქცირებული ვიქტორ სანიკიძე საქართველო–საფრანგეთის თამაშს ვერ დაესწრება

07.09.25 15:35
"სანქციები მუშაობს" - სანქცირებული ვიქტორ სანიკიძე საქართველო–საფრანგეთის თამაშს ვერ დაესწრება

კალათბურთის ფედერაციის სანქცირებული პრეზიდენტი დღეს საქართველო - საფრანგეთის თამაშს ვერ დაესწრება. ვიქტორ სანიკიძემ რიგაში გამგზავრება ვერ შეძლო. კადრებში, რომელიც "ქართული ოცნების" ეკონომიკის მინისტრმა თვითმფრინავიდან გამოაქვეყნა, ჩანს, რომ ქომაგებთან ერთად ნაკრების საგულშემატკივროდ ვიქტორ სანიკიძის მეუღლე გაემგზავრა.

ოპოზიციის თქმით, ეს მაგალითი ადასტურებს, რომ ევროპული სანქციები ნამდვილად მუშაობს. 

რაოდენ ყელმოღერებულიც არ უნდა ამბობდნენ, რომ ეს სანქციები არ აწუხებთ და რაღაც ქვეყნები ეპატარავებათ ივანიშვილი ფუყე თავთავებს ვიქტორ სანიკიძის ჟანრში, მაინც ჩანს, რომ რაოდენ მცირეც არ უნდა იყოს, რაოდენ პატარაც არ უნდა იყოს, რამდენ ტყუილსაც და სიბინძურესაც არ უნდა ლაპარაკობდნენ, სანქციები მუშაობს. მათ შორის, ბალტიის ქვეყნების სანქციები მუშაობს. ვიქტორ სანიკიძე, ერთადერთი, რაშიც კაცად ვარგოდა, კალათბურთია და იმის საყურებლადაც ვერ დადის, აგერ, ფაქტი სახეზეა. ამიტომ ხო, სანქციები მუშაობს, სანქციები დისკომფორტია, სანქციები არის იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა ყოველ წუთას და მათა ოჯახის წევრებმა, გაიხსენონ, რა დანაშაულებს სჩადიან, რას ემსახურებიან, რას უკეთებენ საკუთარ ქვეყანას, - ამბობს "ძლიერი საქართველოს" წევრი თამაზ დათუნაშვილი. 

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი შიშობს, რომ ივანიშვილი მალე საქართველოს მოქალაქეებსაც შეუზღუდავს ევროპაში მოგზაურობას.  

ზოგადად, იმაზე ვღელავ, რომ ვიქტორ სანიკიძე არ გახადოს მთელი საქართველო ივანიშვილმა, ანუ ვიქტორ სანიკიძისავით არ ჩაგვკეტოს ბიძნა ივანიშვილმა. ეს არის სადარდებელი, თორემ მათ რომ ეს მსუსხავი ეფექტი აქვთ, ვნახეთ. მათ დიდი უმრავლესობას არ აქვს შესაძლებლობა, რომ ევროპაში, ცივილიებულ სამყაროში გადაადგილდეს. ვისაც აქვს, ახარბებენ ერთმანეთს ფოტოებით. თქვენი სიუჟეტი ვნახე და იქ ძალიან კარგად ჩანს, ვინ შეძლო წასვლა და ვინ ვერ შეძლო. ვინ შეძლო, ისინიც მალე ვერ შეძლებენ, - ამბობს ხაბეიშვილი. 

განახლება: კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სანქცირების მიუხედავად, ლატვიაში საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშს ესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას "ტვ იმედი" ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა საქართველოს ათობით მოქალაქე დაასანქცირეს. ყველაზე მეტი ლიეტუვამ დაასანქცირა, საუბარია 74 მოქალაქეზე. დასანქცირებულთა შორის მოხვდნენ ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე, ლაშა ტალახაძე, გელა სამხარაული და ბექა ოდიშარიაც. საუბარია ასევე პროკურორებსა და მოსამართლეებზეც. 

მსგავსი სიახლეები