ირაკლი კობახიძე გეკა გელაძეს აქებს
ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ქვეყანაში დანაშაულის კლების ტენდენცია გრძელდება.
როგორც მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა, 3%-ით შემცირდა ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ასევე 30%-ით არის შემცირებული თაღლითობა, 17%-ით არის შემცირებული ყაჩაღობა, 34%-ით არის შემცირებული გამოძალვა, ხოლო დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 63%-ს აღემატება.
რაც შეეხება ზოგადად, კრიმინოგენურ მდგომარეობას, გრძელდება დანაშაულის კლების ტენდენცია, რაც არის მნიშვნელოვანი და იმ საქმიანობის მთავარი ინდიკატორი, რასაც მთავრობა და შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს. 3%-ით შემცირდა ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. 30%-ით არის შემცირებული თაღლითობა, 17%-ით არის შემცირებული ყაჩაღობა, 34%-ით არის შემცირებული გამოძალვა. ესეც არის იმ კონკრეტული ზომების შედეგი, რაც მიღებული იქნა შსს-ს მიერ. 63%-ს აღემატება დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი, რაც არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ევროპის მასშტაბით. მე მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, ყველა ეს შედეგი არის პოლიციელების გმირობის შედეგი. ჩვენ გვახსოვს კონკრეტული სპეცოპერაციები. იგივე ნარკოტიკებთან, ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებით. თითოეული ეს სპეცოპერაცია გულისხმობს სიცოცხლის რისკზე წასვლას და ნებისმიერი ასეთი საქმიანობა დაკავშირებულია თავდადებასთან, გმირობასთან და თითოეულ პოლიციელს მინდა გადავუხადო მადლობა მათი გმირული დამოკიდებულებისა და პატრიოტიზმისთვის. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ გეკა გელაძეს. სწორედ მისი ხელმძღვანელობით შევძელით ჩვენ ამ მასშტაბური ცვლილების მიღწევა საზოგადოებრივი უსაფრთხოების სისტემაში და მას ჩვენგან და საზოგადოებისგან ეკუთვნის განსაკუთრებული მადლობა", - განაცხადა "ქართული ოცნების" პრემიერმა.
მისივე ინფორმაციით, ბოლო სამ თვეში, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით პასუხისგებაში 156 პირი მიეცა - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების ფლობისთვის, პასუხისგებაში მიეცა 226 პირი, რაც უპრეცედენტო მაჩვენებელია.
მისივე მტკიცებით, დღეს, ნარკოტიკების ხელმისაწვდომობა როგორც ფიზიკური თვალსაზრისით, ასევე, ფინანსური თვალსაზრისით, დაახლოებით, 8-ჯერაა შემცირებული.
მთავრობის სხდომაზე დღეს კობახიძემ შს მინისტრი, გეკა გელაძე რამდენჯერმე შეაქო.
„ბოლო სამ თვეში, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით პასუხისგებაში მიეცა 156 პირი. რეალურად, საუბარია მსხვილ ნარკორეალიზატორებზე, რომლებიც დააკავეს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების ფლობისთვის, პასუხისგებაში მიეცა 226 პირი, რაც უპრეცედენტო მაჩვენებელია. ჩვენ გვქონდა შემაშფოთებელი ტენდენციები ნარკოტიკების მოხმარების, გავრცელების კუთხით. რა თქმა უნდა, გვჭირდებოდა გადამჭრელი ზომების მიღება ამ ტენდენციების აღსაკვეთად და სწორედ ამის გამოხატულებაა ის სტატისტიკა, რაც დღეს არის წარმოდგენილი. ამან გამოიწვია ის, რომ რეალურად, ნარკოტიკების ხელმისაწვდომობა შემცირებულია როგორც ფიზიკური თვალსაზრისით, ასევე, ფინანსური თვალსაზრისით, უხეშად რომ ვთქვათ, დაახლოებით 8-ჯერ. ეს ბუნებრივია, შინაგან საქმეთა სამინისტროს ეფექტიანი საქმიანობის შედეგია.
ასევე, უპრეცედენტო რაოდენობითაა ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები. მათ შორის, გვქონდა კონკრეტული ფაქტი, როდესაც 298 კილოგრამი „ჰეროინი“ იქნა ამოღებული. ასევე, რამდენიმე დღის წინა ამოღებული იქნა 34 500-ზე მეტი „მეთადონის“ აბი, რაც ასევე, უპრეცედენტო რაოდენობაა. ნარკოტიკებთან ბრძოლა კვლავ დარჩება ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად“,- განაცხადა კობახიძემ.