"ოცნება" ყოფილ თანაგუნდელებს "გაგდებულებად" მოიხსენიებს

08.09.25 14:26
"ოცნება" ყოფილ თანაგუნდელებს "გაგდებულებად" მოიხსენიებს

"ქართული ოცნება" ყოფილ თანაგუნდელებს გაგდებულებს უწოდებს - "[ქართული ოცნებიდან] ადამიანები იმიტომ გააგდეს, რომ სახელმწიფოს საწინააღმდეგო საქმეს ეწეოდნენ" თქვა დღეს "ქართული ოცნების" დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან. 

მისი მტკიცებით, ეს ადამიენბი სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ მოქმედებებს აგრძელებენ. 

"ყველანი მხილებული იქნებიან უცხოეთთან ისეთ კავშირებზე, რომელიც ძალიან აზიანებს საქართველოს და მის ინტერესებს, - თქვა შარმანაშვილომა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" კი არ უნდა ელოდოს რაღაცებს, არამედ პირიქით, "პარტიის ყოფილი წევრები უნდა ელოდონ მხილებას".

შარმანაშვილი არ ასახელებს, კონკრეტულად, "ქართული ოცნების" რომელ ყოფილ წევრებზეა საუბარი.

"უხერხულადაც კი მიმაჩნია საუბარი გუნდიდან გაგდებულებზე, რომლებიც მერე თანხებს ხარჯავენ და არა მხოლოდ გუნდის, არამედ, საქართველოს საწინააღმდეგოდ, ათას საქმიანობას ეწევიან. ამაზე ილაპარაკა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. აღარ გავიმეორებ იმ მეტსახელს, რომლითაც ხაბეიშვილი იღებდა ჰონორარს ამ "ღალატის აქტთან" დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს მოსალოდნელია. ეს ადამიანები გუნდიდან იმიტომაც გაუშვეს და გააგდეს, რომ სახელმწიფოს საწინააღმდეგო საქმეს ეწეოდნენ. თავის საქმიანობას სწორი მიმართულებით არ ეწეოდნენ და რა თქმა უნდა, ისინი ამას აგრძელებენ. მაგრამ ერთი რამე მინდა ვთქვა, რომ ისინი და ბევრი სხვაც, ეტყობა ვერ ხვდებიან, რომ სახელმწიფო საწინააღმდეგოდ მოქმედებები ასე ადვილად უკვე აღარ ჩაივლის. ისინი, ყველანი, მხილებული იქნებიან უცხოეთთან ისეთ კავშირებზე, რომელიც ძალიან აზიანებს საქართველოს და მის ინტერესებს. ასე რომ, ჩვენ კი არ უნდა ველოდოთ რაღაცებს, ისინი უნდა ელოდონ, რომ მხილებული იქნებიან," - განაცხადა შარმანაშვილმა.

"ქართული ოცნების" დეპუტატი აღნიშნავს, რომ პარტიის მოქმედ და ყოფილ წევრებსაც დაიჭერენ, თუკი სისხლის სამართლებრივი დანაშაული აქვს ჩადენილი.

ყოფილ თანაგუნდელებს "გაგდებულებად" მოიხსენიებს დავით მათიკაშვილიც, თუმცა გვარების და სახელების გასაჯაროებისგან თავს იკავებს.

„კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რაც ბატონმა პრემიერმა ბრძანა, რომ გუნდიდან გაგდებული ზოგიერთი ყოფილი წევრი საქართველოში რადიკალიზმს ასაზრდოებს. არ ვიცი, ჯაფარიძეს წამოსცდა, ქვეცნობიერმა უღალატა თუ რა ქნა, მაგრამ ზუსტად ამაზე ისაუბრა. ეს იმდენად ამაზრზენია, საერთოდ არც მინდა ამ თემაზე საუბარი, მაგრამ ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ვინც კანონს დაარღვევს, უღალატებს სამშობლოს, გუნდს და იქნება თან დანაშაულის ჩამდენი, ბუნებრივია, მათ მიმართ კანონი და სახელმწიფო შეუვალი იქნება.

თქვენ კარგად იცით, რომ ჩვენ გვარებზე და სახელებზე არ ვსაუბრობთ, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. არ არის აქ კონკრეტულ იდენტიფიცირებულ ადამიანებზე საუბარი, თუმცა ფაქტი იმისა, რომ აქედან გაგდებული პირები გარკვეული ფორმით ცდილობდნენ, რადიკალიზმი წაეხალისებინათ და დაეფინანსებინათ კიდეც, არის სახეზე,“ - განაცხადა მათიკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები