რატომ არ გააფრთხილა "ოცნებამ" უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოსალოდნელ საფრთხეზე? - რა ეჭვი აქვთ ოპოზიციაში

08.09.25 14:36
რატომ არ გააფრთხილა "ოცნებამ" უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოსალოდნელ საფრთხეზე? - რა ეჭვი აქვთ ოპოზიციაში

უკრაინაში მებრძოლი საქართველოს მოქალაქის გიორგი კინოიანის დაკავება სომხეთში - ოპოზიციაში ამბობენ, რომ ახლა პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული, რამდენად აქტიურად ჩაერთვებიან “ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები მის დასახსნელად.

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ასევე იმ ფაქტებს იხსენებენ, როდესაც გაჟონა ინფორმაციამ ქართველი სამხედროების შესახებ და „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ის რუსული სპეცსამსახურების ხელში აღმოჩნდა.

ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ქართული მხარის პირდაპირი მოვალეობა იყო, გაეფრთხილებინათ კინოიანი, რუსეთის მიერ ძებნილთა სიაში რომ იყო. 

ჩვენ უნამუსო ხელისუფლებას უნდა გაეფრთხილებინა, თუ ამ ადამიანს ეძებდნენ რუსული სპეცსამსახურები. წესით და კანონით, ის საქართველოში უნდა დააბრუნონ. თუ რუსეთს გადასცეს, ეს იქნება ძალიან მძიმე ფაქტი, დიდი შავი ლაქა ამ სულგაყიდულებისთვის, ჩვენი ხელისუფლებისთვისმ ვინაიდან, მათი ვალდებულება იყო, რომ გაეფრთხილებინათ. ვფიქრობ, რა გავაკეთო ამ ადამიანის დასახმარებლად, მეც მძიმე მდგომარეობაში ვარ, 6 - წლიანი პატიმრობა მაქვს მისჯილი, რუსების მიერ, - ამბობს ელისაშვილი.

ენმ-ის ლიდერი კი არ გამორიცხავს, რომ „ივანიშვილის გუნდმა საქართველოს მოქალაქე რუსეთს გადასცეს და მის დასახსნელად არაფერი გააკეთოს.“

ივანიშვილის მოღალატე კრიმინალთა ბანდა არის პუტინის ღია მოკავშირე, ნაცვლად იმისა, რომ იცავდეს საქართველოს ეროვნულ ღირსებას, საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის იმ ადამაინების, რომლებიც ჩვენი საერთო მტრის, პუტინის წინააღმდეგ იბრძვიან, რა თქმა უნდა, პირიქით, აქაც ირჩევს ოკუპანტის მხარეს, ინტერესს და ამიტომ, სულ არ არის გამორიცხული, რომ ამ მოღალატე  კრიმინალთა ბანდამ საქართველოს მოქალაქე რუსეთს გადასცეს, - ამბობს თინა ბოკუჩავა.

გადასცემს თუ არა სომხეთი რუსეთს ქართველ ჯარისკაცს-ერევანში დაკავებულ გიორგი კინოიანს რუსეთში ექსტრადიცია ემუქრება.

კინოიანი სომხეთის საზღვარზე 3 სექტემბერს აიყვანეს, ის რუსეთის მოთხოვნით იძებნება. ახლა ქართველი მებრძოლი 40-დღიანი საექსტრადაციო ვადით ჰყავთ დაპატიმრებული, რაც პროცედურულად გულისხმობს, რომ ამ დროში რუსეთმა მისი ექსტრადიციისთვის საჭირო მტკიცებულებები და დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს.

ზუსტი ინფორმაცია, როდის გაიმართება მორიგი სასამართლო სომხეთში, ოჯახს არ აქვს, რადგან ახლა ყველაფერი რუსეთზეა დამოკიდებული, როდის გადაუგზავნის ინფორმაციას და მოითხოვს დაკავებულის ექსტრადირებას. 

ქართველ მეომარს, რომელიც სომხეთის საზღვარზე დააკავეს, რუსეთი ერთი წლის განმავლობაში ეძებდა. გიორგი კინოიანი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში ომის დაწყების პირველ ეტაპზე იმყოფებოდა. 2024 წლის 25 ოქტომბერს ის რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის ოლქის ე.წ. სასამართლომ დაუსწრებლად გაასამართლა, დამნაშავედ ცნო და შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

მსგავსი სიახლეები