სარჩელი მამის თანაგუნდელის წინააღმდეგ - ანუკი ჩრდილელი აცხადებს, რომ თამთა მეგრელიშვილის წინააღმდეგ საჩივარს უახლოეს დღეებში შეიტანს

08.09.25 14:59
სარჩელი მამის თანაგუნდელის წინააღმდეგ - ანუკი ჩრდილელი აცხადებს, რომ თამთა მეგრელიშვილის წინააღმდეგ საჩივარს უახლოეს დღეებში შეიტანს

სამოქალაქო აქტივისტი, ანუკი ჩრდილელი ექსპერტ თამთა მეგრელიშვილის წინააღმდეგ საჩივარს სასამართლოში უახლოეს დღეებში შეიტანს.

როგორც რუსთაველის გამზირზე, 2 სექტემბერს მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულმა ქალმა აქტივისტმა განაცხადა, საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები უკვე გაიარა. 

"ძალიან სტრესული დღეები იყო, ველოდები, გოგოებს [აქტივისტებს] რა გადაწყვეტილება ექნებათ, 10-შია ჩემი პროცესიც, ველოდები, რომ ამ დღეებმა გადაიაროს. იურისტებთან გავიარე კონსულტაცია და ჯერ დრო მაქვს. არ ვიცი, რამდენად სანდოა ეს სასამართლო და ღირს თუ არა დავა, თუმცა, რამე რეაგირება რომ არ მოვახდინო, მორალურად ჩემს თავთან მართალი არ ვიქნები. ამხელა ბრალდება, თან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული, გადასატანად ძალიან რთული აღმოჩნდა ქალისგან, იურისტისგან. მინდა, რომ ის წნეხი, რაც გავიარე, იმის 1% მაინც გავაგებინო, რომ ასე აღარ მოიქცეს სხვა ადამიანებთან მიმართებაში. მე ძლიერი ვარ, თუმცა, ეს ვიღაცისთვის შეიძლებოდა ფსიქოლოგიური სტრესი ყოფილიყო",- განაცხადა ჩრდილელმა.

ცნობისთვის, 2 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე ჯამში 23 პირი დააკავეს. დაკავებულთა შორის იყო ანუკი ჩრდილელი, რომლის საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატის და „ქართული ოცნების“ თბილისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატის, ოთარ ჩრდილელის შვილია.

ამის შემდეგ, ექსპერტმა თამთა მეგრელიშვილმა დაწერა, რომ „ანუკი ჩრდილელს მენტალური პრობლემები აქვს“. საპატიმროს დატოვების შემდეგ, ჩრდილელმა მეგრელიშვილი ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა და მის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა დაანონსა. 

მსგავსი სიახლეები