ქალი, რომელიც გახსნის დღიდან, ყაზბეგის იუსტიციის სახლში მუშაობდა, წერს, რომ საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერის გამო გაათავისუფლეს
მანანა მარსაგიშვილი-ელოშვილი რომელიც გახსნის დღიდან, ყაზბეგის იუსტიციის სახლში მენეჯერის პოზიციაზე მსახურობდა, წერს, რომ საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს.
„მადლობა ღმერთს, მათი შთამომავალი ვარ, ვისაც არასოდეს შეშინებია და ქედი არ მოუხრია ქვეყნის მტრების წინაშე, ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საქართველო არის ევროპული ღირებულებების ქვეყანა, ჩვენ ვართ მებრძოლი, დაუმორჩილებელი ერი და ჩვენი არჩევანი არა სიბნელე, არამედ სინათლე, განათლება და განვითარებაა“, - წერს მანანა მარსაგიშვილი-ელოშვილი.
მისი თქმით, „იუსტიციის სახლის ახლახან მოსულმა ხელმძღვანელებმა, დღეს ცალმხრივად შეწყვიტეს იანვარში მიღებული გაუგებარი საკანონმდებლო ცვლილებებით შექმნილი "ადმინისტრაციული ხელშეკრულება".
მე არ ვარ ის ადამიანი, რომელსაც ამ გადაწყვეტილებით გატეხავენ და საკუთარ მტკიცე დამოკიდებულებას ქვეყნის ევროპულ მომავალთან დაკავშირებით შეაცვლევინებენ.
არ მეშინია არც დღევანდელი და არც ხვალინდელი დღის, ისევე, როგორც 13 წლის წინ არ შემშინებია, ჩავრთულიყავი "ქართული ოცნების" საქმიანობაში და იმ დროს, როდესაც მსგავსი გადაწყვეტილება სხვადასხვა რისკს უკავშირდებოდა, სხვებთან ერთად დამეფუძნებინა „ქართული ოცნების“ ყაზბეგის ოფისი.
არ შემშინებია, ამეღო პასუხისმგებლობა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიაში, მაშინდელ გუნდთან ერთად, მემუშავა ყაზბეგის განვითარებისთვის. ყველას კარგად ახსოვს, რა დაგვხვდა და მწირი ბიუჯეტის მიუხედავად, რამდენ სასიკეთო საქმეს ჩავუყარეთ საფუძველი.ყველა პოზიციაზე ვსაქმიანობდი იმ რწმენით, რომ საჯარო მოსამსახურე არის ქართული სახელმწიფოებრიობისა და საქართველოს მოსახლეობის არჩევანის დამცველი.
არ შევშინებულვარ და თავი არ ამირიდებია მაშინაც, როდესაც საჭირო გახდა, საჯარო მოსამსახურეებს მკაფიოდ დაგვეფიქსირებინა ჩვენი პოზიცია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის დაცვასთან მიმართებით.
ერთ დროს "ქართული ოცნების" წევრი, ვერ წარმოვიდგენდი, რომ საქართველოს მონაპოვარი დასაცავი გაგვიხდებოდა. ვერ წარმოვიდგენდი არა იმიტომ, რომ მიამიტი ვარ, არამედ იმიტომ, რომ მე და ბევრ ჩემნაირს, ვინც თავის დროზე გვერდით დავუდექით ამ პოლიტიკურ ძალას, გვქონდა ერთადერთი მიზანი: ქვეყანა განვითარებულიყო და თავისი ადგილი დაეკავებინა ევროპულ ქვეყნებს შორის. მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ევროპული გზა არ ყოფილა რომელიმე ერთი ხელისუფლების მონაპოვარი და დამოუკიდებლობის მიღებიდან რამდენიმე წელიწადში ნელ-ნელა, პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯებით დავიწყეთ სვლა დასავლეთისკენ“, - წერს საჯარო მოხელე.
საჯაროდ გავრცლელებული ინფორმაციის თანახმად, მანანა მარსაგიშვილის ქმარი, შალვა ელოშვილი თავის დროზე ასევე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი იყო.
2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ირაკლი კობახიძემ ის მერობის კანდიდატად წარადგინა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. თუმცა წარდგენიდან თითქმის ერთ თვეში, ჯერ კიდევ არჩევნებამდე, შალვა ელოშვილმა „ქართული ოცნება“ დატოვა.