"30 „აკაცუკი“ და მათი ჩხავილი არავის აინტერესებს" - რა პასუხი აქვს კახა კალაძეს მის შტაბთან მომხდარ ძალადობაზე?
რა პასუხი აქვს კახა კალაძეს მის შტაბთან მომხდარ ძალადობაზე? - გუშინ მელიქიშვილის გამზირზე მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, დღეს თბილისის მერი ჭავჭავაძის გამზირზე გამოჩნდა.
კალაძე კამერების წინ ირწმუნებოდა, რომ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები გამოირჩეოდნენ ძალადობით და არა მისი შტაბის წევრები, როგორც ეს არაერთ საჯაროდ გავრცელებულ კადრებში ჩანს.
"არსებული 30 „აკაცუკი“ არავის აინტერესებს, არც მათი ჩხავილი, ხავილი" - თქვა თბილისის მერმა აქციის მონაწილეების მისამართით.
მეტიც, დღეს კალაძე "პირველების" ჟურნალისტის კითხვებმა წყობიდან ისე გამოიყვანა, რომ დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებსაც კი მოძალადეები უწოდა - "თქვენც ჩვეულებრივი "აკაცუკები" ხართ, არაფრით განსხვავდებით მოძალადეებისგან".
ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია და ამას აქვს თავისი მიზანი, რომ ხელოვნურად შემოიტანონ დაძაბულობა იმიტომ, რომ ის ხელოვნურად არსებული 30 აკაცუკი არავის არ აინტერესებს, არც მათი ჩხივილი, ხავილი არავის არ აინტერესებს. ეს არის ადამიანების დაჯგუფება, რომლებიც არიან მოძალადეები, შესაბამისად, როდესაც შენ მიდიხარ და მიზანმიმართულად ხელს უშლი საარჩევნო შტაბს მუშაობაში, სადაც უამრავი ადამიანი იმყოფება და იცით, რომ მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია, ამას აქვს თავისი მიზანი და მიზანი არის ის, რომ ხელოვნურად შემოიტანონ დაძაბულობა.
პოლიციელს არავინ არ უსწორდებოდა.
ქალებს სად ხედავ აქ, არცერთი არ არის ქალი, ქალი არ არის აქ არცერთი, არ ვიცი რაღაც სხვა ჯიშია, ქალი არ არის, სად არის ქალი ერთი მაჩვენეთ, რომელია ქალი.
თქვენც ჩვეულებრივი აკაცუკები ხართ, არაფრით არ განსხვავდებით იმ მოძალადეებისგან, რომლებიც გუშინ მიუვარდა საარჩევნი შტაბს", - განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, მიმდინარე აქციის დროს "ქართული ოცნების" პარტაქტივი და ე.წ. ტიტუშკები მოქალაქეებს თავს დაესხნენ. აქციის მონაწილეებს აღენიშნებათ ფიზიკური დაზიანებები. დაპირისპირების დროს დაშავდნენ ჟურნალისტებიც.
"ოცნების" წარმომადგენლებმა მოქალაქეებს აგინეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და ბოთლებს ესროდნენ.
პოლიცია ადგილზე დაპირისპირების დაწყების შემდეგ გამოჩნდა. ამ დრომდე პოლიციას "ოცნების" პარტაქტივი არ დაუკავებია.