კახა კალაძე ციხით ემუქრება ყველას, ვინც მის ბანერს საღებავი შეასხა
კახა კალაძე ციხით ემუქრება ყველას, ვინც მის ბანერს საღებავი შეასხა. მის თქმით, ნიღბის ტარება დანაშაულია, რაც ჯარიმას ითვალისწინებს და ამასაც შესაბამისად რეაგირება უნდა მოჰყვეს - "თუ აქციაზე მყოფი ნიღბიანები ფიქრობენ, რომ ნიღბებში მათი იდენტიფიცირება ვერ მოხდება, ძალიან ცდებიან!"
მეორე დღეა, თბილისის მერი მის შტაბთან მომხდარ ძალადობაზე პასუხმგებლობას სრულად იხსნის და ისევ აქციის მონაწილეებს ლანძღავს - "ხედავთ, რა მდგომარეობაშია 30 გაუბედურებული, გაფარჩაკებული “აკაცუკი”.
მოძალადე დაჯგუფების მხრიდან ძალადობრივი ქმედებები პირველი შემთხვევა არ არის. გუშინაც საზოგადოებამ კიდევ ერთხელ ნათლად დაინახა, თუ რას წარმოადგენენ ეს ადამიანები და რა არის მათი მთავარი მიზანი. ძალიან სამწუხაროა, თუმცა რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა მათ ქმედებებს შესაბამისს პასუხს გასცემს.
სასაცილოა, როცა კითხვას ძალადობაზე სვამთ - თქვენ ხართ პირველი მოძალადეები! თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც აღვივებთ შუღლსა და დაპირისპირებას საზოგადოებაში! თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც თქვენი ბინძური პროპაგანდისტული ტელევიზიით ცდილობთ, რომ საზოგადოება ერთმანეთთან დააპირისპიროთ. არ მახსოვს, გამოსულიყავით და ერთხელ დაგეგმოთ ძალადობა - პირიქით, ყოველთვის ახალისებდით, ყოველთვის ხელს უწყობდით და ტაშს უკრავდით. ხართ ძალიან ბინძურები და აწარმოებთ ბინძურ პროპაგანდისტულ კამპანიას, რაც საზოგადოების გახლეჩის მცდელობას და დაპირისპირებას ემსახურება.
შეიკრიბება 30 “აკაცუკი”, აგინებენ ყველას, ვინც მათ გვერდით არ არის, მერე უკვირთ “ქართულ ოცნებას“ და პირადაც მე ამხელა მხარდაჭერა და თანადგომა რატომ გვაქვს“, - განაცხადა კალაძემ.