ჩვენს ქვეყანას სჭირდება დიდი შერიგება! - მიხეილ სააკაშვილის გზავნილი ციხიდან

14.10.21 19:01
ჩვენს ქვეყანას სჭირდება დიდი შერიგება! - მიხეილ სააკაშვილის გზავნილი ციხიდან

ჩვენს ქვეყანას სჭირდება დიდი შერიგება და ამისთვის უნდა ვიყოთ მზად - ასეთია საქართველოს მესამე პრეზიდენტის გზავნილი რუსთავის ციხიდან. 

როგორც მოშიმშილე სააკაშვილი წერილში აღნიშნავს, ერთმანეთის დამცირება და ზიზღის ფრქვევა უნდა შეწყდეს და მხარეებმა ერთმანეთს უნდა მიუტევონ: 

ახლა არანაირი ნიშნით დაყოფის დრო არ არის, არც პარტიული, არც რაიმე სხვა ნიშნით. საქართველოს გამოხსნისა და გადარჩენის დროა. ყველაზე საჭირო დღეს ერთიანობაა. ძალიან მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ქვეყანას სჭირდება დიდი შერიგება და ამისთვის უნდა ვიყოთ მზად. ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, შევწყვიტოთ ერთმანეთის დამცირება და ზიზღის ფრქვევა და მივუტევოთ ერთმანეთს. ამას ვწერ ციხის საკნიდან უკანონო პატიმარი, მაგრამ გარეთ, ამ სულისკვეთებით ვიმოქმედებ", - ამბობს სააკაშვილი.

პატიმარი პრეზიდენტი ამბობს, რომ კიდევ ერთი რევანში და შურისძიება მორალურად გაანადგურებს საზოგადოებას და საბოლოოდ დაანგრევს  ქვეყანას: 

წინ დიდი ცვლილებები გველის, მაგრამ ამისთვის ყველანაირი წყენა უნდა დავივიწყოთ, გვერდზე გადავდოთ ჩვენი ნეგატიური ემოციების ტვირთი, რადგან ამის მოშორების გარეშე ქვეყანა წინ ვერ წავა.

ერთმანეთზე გაბოროტებულ საზოგადოებას არასდროს დაუყენებია პროგრესის გზაზე საკუთარი ქვეყანა, არასდროს შეუქმნია რამე ფასეული და ყოველთვის დამარცხებულა საკუთარ ბრაზთან და აგრესიასთან, ცივილიზებული ქვეყანა ვერ იქნება დაფუძნებული შუღლზე და თუ ჩვენ გვინდა ცივილიზებული ქვეყანა,  მაშინ აუცილებლად გვჭირდება დიდი შერიგება, უარი რევანშსა და შურისძიებაზე"- აღნიშნულია საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართვაში. 

სააკაშვილი ამომრჩეველს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე კიდევ უფრო მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს: 

გვეყოფა მარცხი, ძირს ნიჰილიზმი, 30-ში ყველანი არჩევნებზე, დავიცვათ თითოეული ხმა და შემდეგ ერთად ვიზეიმოთ ნიკა მელიას გამარჯვება თბილისში, ხატია დეკანოიძის გამარჯვება ქუთაისში, გიორგი კირთაძის გამარჯვება ბათუმში, ანზორ მელიას გამარჯვება ზუგდიდში, დავით კირკიტაძის გამარჯვება რუსთავში, გიგი უგულავას გამარჯვება ფოთში, კობა ნაყოფიას გამარჯვება სენაკში, გიორგი ბოტკოველის გამარჯვება თელავში, იოსებ ბუაძის გამარჯვება ხაშურში, ნიკოლოზ ახალკაცის გამარჯვება ქარელში, გიორგი რობაქიძის გამარჯვება ბაღდათში, სანდრო მეტრეველის გამარჯვება წყალტუბოში, თემურ ჯანაშიას გამარჯვება მარტვილში. ბესო შენგელიას გამარჯვება ხობში, გიორგი ხარჩილავას გამარჯვება წალენჯიხაში, ბადრი ქარჩავას გამარჯვება ჩხოროწყუში, მიშა ობოლაძის გამარჯვება ხელვაჩაურში და ჩვენი ყველას ერთად გამარჯვება საქართველოში...

ბოლო ნაბიჯი დაგვრჩა გადასადგმელი და ივანიშვილის რეჟიმი, ეს სიცრუის, ბოროტების და ჩაგვრის კართაგენი აუცილებლად დაინგრევა. ბნელი შეიცვლება ნათელით, ბოროტს სძლევს კეთილი, ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი, აბა თქვენ იცით. თქვენი დიდი სიყვარულით და გამარჯვების ურყევი რწმენით, მიხეილს სააკაშვილი"- წერს მიხეილ სააკაშვილი.