მომატყუე და შემაცდინე! - ანზორ მელიას მიმართვა ივანიშვილს

14.10.21 19:20
მომატყუე და შემაცდინე! - ანზორ მელიას მიმართვა ივანიშვილს

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე გამოსვლისას გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ,,ქართული ოცნების" დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს, მიმართა.

ანზორ მელიას განცხადებით, დღეს თავისუფლების მოედანზე შეკრებილი ხალხის 80% ივანიშვილის მხარდამჭერი იყო, ახლა კი ყველა თანხმდება, რომ ,,ოცნება" სახელისუფლებო მართვას უნდა ჩამოშორდეს.

მოგმართავ ბიძინა ივანიშვილო, ამ ხალხის 80% თქვენი მხარდამჭერი არ იყო? მათ შორის, მეც.  რა მწარედ მომატყუე და შემაცდინე. არ ხედავ, რატომ დაეცა შენი რეიტინგი ბოლომდე? ვინ გყავს პარლამენტში, ხელისუფლებაში, რა ზიზღის ენით საუბრობენ მთავრობის წევრები?! ამ კლოუნადას აუცილებლად დავამთავრებთ, შურს, ზიზღს, ურთიერთარგატანას და ამ სახელმწიფოს ავაყვავებთ, როცა თქვენ წახვალთ. - განაცხადა აქციაზე ანზორ მელიამ.

ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, პატიმრობაში მყოფ სააკაშვილსაც მიმართა და თქვა, ის ისტორიაში ოქროს ასოებით შევა: 

ბატონო მიხეილ, მაგრად იყავით, გამაგრდით, იმიტომ რომ იცი, ძალიან მალე, ჩვენ ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას. ბატონმა მიშამ საპყრობილიდან გამომიგზავნა წერილი, სადაც აღფრთოვანებას ვერ მალავდა ჩემი გამარჯვების გამო ზუგდიდში, ჩემი ზუგდიდელების მხარდაჭერით, მიხარია ეს და ვიგრძენი, რომ ზუგდიდელი ვარ, მიყვარს ჩემი ზუგდიდი და ვუყვარვარ ჩემ ზუგდიდს. მე ზუგდიდს, ისე როგორც საქართველოს, არასდროს ვუღალატებ, არ ვუღალატებ ჩემ პრეზიდენტს ბატონ მიხეილს, რომელმაც მაგალითი გვიჩვენა, მშვიდობიანი მაგრამ პრინციპული ბრძოლის. ჩვენ ახლო მომავალში აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან სხვა უფლება არ გვაქვს"- თქვა მელიამ.