ვიდრე ქვეყნის მესამე პრეზიდენტი უთავმოყვარეო ჯამბაზებს ჰყავთ ციხეში, მშვიდად ვერ ვიქნებით - მელია

14.10.21 21:26
ვიდრე ქვეყნის მესამე პრეზიდენტი უთავმოყვარეო ჯამბაზებს ჰყავთ ციხეში, მშვიდად ვერ ვიქნებით - მელია

ვიდრე ხელისუფლების უთავმოყვარეო ჯამბაზებს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ციხეში ჰყავთ გამოკეტილი, მშვიდად ვერ ვიქნებით, ხელებს არ ჩამოვუშვებთ, ვიდრე სამართლიანობა არ იზეიმებს - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

თბილისის მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატი აღნიშნავს, სააკაშვილის პატიმრობაში ყიფნა ისტორიული უსამართლობაა.

„დღეს ძალიან ბევრი ემოცია ირევა და პირველი ემოცია ეს არის ბრაზი, ბრაზი იმიტომ, რომ აქ და ახლა, ჩვენს თვალწინ საქართველოში ისტორიული უსამართლობა ხდება. თითოეული ჩვენგანი ძალიან გაბრაზებულა. საქართველოს ისტორიის წიგნებს როცა ვკითხულობდით, სადაც ძალიან ბევრჯერ განგვიდევნია, შეგვივიწროვებია ან მოგვიკლავს კიდეც საქართველოს ერთგული დიდი ქართველი, სხვადასხვა ეტაპზე ქვეყნის განვითარების მანძილზე, სხვადასხვა დროს, მაგრამ ის, რაც დღეს ხდება, ამ ყველაფერს წიგნებში არ ვკითხულობთ, ამ რეალობაში აღმოვჩნდით, ჩვენს გარშემოა ეს ისტორიული უსამართლობა.

დღევანდელი დღე საწინდარია იმის, რომ კიდევ ერთი ძალიან სამარცხვინო ისტორიის ფურცლის დაწერის ნაცვლად ძალიან მალე თქვენ და კიდევ ბევრი სხვა საამაყო ფურცელს დაწერს.

მეორე ემოცია, რაც იმ ემოციაში ირევა ეს არის იმედი და რატომ? იმიტომ, რომ ის, რაც უკვე მოხდა, მოხდა და ისტორიას ვეღარ შევცვლით, მაგრამ დღევანდელობას შევცვლით თქვენი სიმრავლით, სიმტკიცით და თქვენი სიმართლით, ამ ყველაფრით შეცვლით დღევანდელ რეალობას.

კიდევ ერთი ემოცია, რომელიც აქ ირევა არის სოლიდარობა. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, მანამ, სანამ ხელისუფლების არ მიყვარს ამ სიტყვის გამოყენება, მაგრამ უნდა ვთქვა, უთავმოყვარეო ჯამბაზებს ჰყავთ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ციხეში გამოკეტილი, მშვიდად ვერ ვიქნებით, ხელებს არ ჩამოვუშვებთ, სანამ სამართლიანობა არ იზეიმებს“,- განაცხადა მელიამ.

ოპოზიციის ლიდერის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ "სამარცხვინო მოღალატე ხელისუფლებისა და ოკუპანტების გარდა, ყველა სოლიდარულია: 

მთელი ცივილიზებული სამყარო მიხეილ სააკაშვილთან სოლიდარულია. ნურავის ექნება იოტისოდენა იმედიც კი, რომ ვინმე შეეგუება მოცემულობას, რომ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იქნება ციხეში და ჩვენ ბრძოლას არ გავაგრძელებთ მანამ, სანამ ის გარეთ არ გამოვა, არა როგორც "ნაციონალური მოძრაობის" დამფუძნებელი, სულისჩამდგმელი თანამედროვე ქართული სახელმწიფოსი, არა როგორც მხოლოდ დიდი პოლიტიკოსი, როგორც პირველ რიგში ქვეყნის მესამე პრეზიდენტი - თქვა მან.