სახელმწიფო ინსპექტორი ადასტურებს, რომ სუს-ი 7 პირს ფარულად მისი მეთვალყურეობის გარეშე უსმენდა - GDI
GDI-მ სახელმწიფო ინსპექტორს მიმართა და მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების საუბრების მოსმენა/მიყურადების კანონიერების გადამოწმება მოითხოვა.
უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ არ გამოვლენილა გარემოებები, რაც განმცხადებელთა (კანონიერი მოსმენა/მიყურადების შემთხვევაში) ინფორმირების ვალდებულებას წარმოშობდა.
სახელმწიფო ინსპექტორმა GDI-ს განცხადება გადააგზავნა თბილისის პროკურატურაში რეაგირებისთვის. აღნიშნული გარემოება კიდევ უფრო ამყარებს ეჭვს, რომ GDI-ს დაცვის ქვეშ მყოფი პირების მიმართ განხორციელებული მოსმენა/მიყურადება კანონიერი არ ყოფილა.
პარალელურად, პროკურატურა უკანონო მოსმენა/მიყურადების მსხვერპლებს დაზარალებულის სტატუსს არ ანიჭებს", - ნათქვამია განცხადებაში.
საქმე ეხება სხვადასხვა მედიასაშუალების მეშვეობით გავრცელებულ ინფორმაციას, საიდანაც ირკვევა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სავარაუდოდ, უკანონოდ უსმენდა სასულიერო პირების, პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, ადვოკატების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისა და სხვა პირების პირად საუბრებს.
GDI იცავს ჟურნალისტების: ქეთი ნადიბაიძის, მარტა ქურასბედიანის, მარიამ გეგუჩაძის, ნოდარ რუხაძის, თათუშა არველაძის, ნანუკა ბრეგაძისა და პარლამენტის წევრ თინა ბოკუჩავას ინტერესებს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 2021 წლის 30 სექტემბერს ბენეფიციართა სახელით, დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით პროკურატურას მიმართეს, თუმცა უწყებას მათთვის არ უპასუხია.
GDI-ს განცხადებით, პროკურატურა ვალდებულია, ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით და დასაჯოს ყველა პირი, ვინც უკანონოდ უსმენდა ადამიანების კერძო საუბრებს, მათ შორის ის პირები, ვინც ბრძანებას გასცემდნენ უკანონო მოსმენების შესახებ.