ათასობით ლარი პრესტიჟისთვის - მთავრობა დაჯავშნულ მანქანებს ყიდულობს
მთავრობა დაჯავშნულ მანქანებს ყიდულობს. სახელწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე ფინანსთა სამინისტროს დაფინსებას და დაჯავშნული მანქანების ყიდვას სთხოვს.
ჩუბინიძის თქმით, დაჯავშნული მანქანები ქვეყანას პრესტიჟისთვის და უცხოელი სტუმრების დასახვედრად სჭირდება.
მინდა იცოდეთ, რომ დაჯავშნული მანქანა არ შეუძენია 2011 წლის მერე, 2008-ში და 2011-ში, წინა ხელისუფლების დროს მოხდა 2-2 მანქანის, დაჯავშნული მერსედესის შეძენა. ეს უკვე არის ტექნიკურად თუ შემეკითხებით, უსაფრთხოების ხაზით, კარგა ხანია ჩამოსაწერი მანქანები.
თხოვნით მივმართავ ბატონ გიორგის, თუ ჩვენ გვექნება რამე საშუალება, კარგი იქნება, ასეთი მანქანის შეძენა მოითხოვს დროს, ჩვენ გვინდოდა დაგვეგეგმა მომავალ წელს, მაგრამ აღარ გვაქვს საშუალება როდესაც ჩამოდის რომელიმე ქვეყნის პირველი პირი საკმაოდ ცუდად გამოვიყურებით, როცა ვთავაზობთ 11 წლის წინანდელ მოდელს", - თქვა ანზორ ჩუბინიძემ.
მმართველ გუნდში ვერ ასაბუთებენ, რატომ იხარჯება მილიონობით ლარი ბიუჯეტიდან ძვირადღირებულ მანქანებზე. "ოცნებაში" ამბობენ, რომ საჭიროების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. გია ვოლსკი დაჯავშნული მანქანების საჭიროებას ტერორიზმის გლობალური გამოწვევით ხსნის.
რთული მდგომარეობაა მსოფლიოში ტერორიზმის თვალსაზრისით, საქართველოს თავისი გეოპოლიტიკური მდგომარეობით გადამწყვეტი ადგილი უკავია ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, აქედან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, ხარჯებიც საჭიროა. კონკრეტულად ამ თემაზე ვერაფერს მოგახსენებთ, ვინაიდან კომიტეტის სხდომაზე მონაწილეობა არ მიმიღია", - ამბობს გია ვოლსკი.