სამწუხაროა, რომ პენიტენციურმა სამსახურმა ინფორმაცია არ შეგვატყობინა - ლომჯარია რუსთავის ციხეში მივიდა

15.10.21 15:13
სამწუხაროა, რომ პენიტენციურმა სამსახურმა ინფორმაცია არ შეგვატყობინა - ლომჯარია რუსთავის ციხეში მივიდა

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას, განცხადებით, რუსთავის მე-17-ე დაწესებულებაში მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია პენიტენციურმა სამსახურმა ომბუდსმენის სამსახურს დროულად არ მიაწოდა. ვითარების გასაცნობად ლომჯარია რუსთავის მე-17-ე დაწესებულებაში მივიდა.  ომბუდსმენის თქმით, ის პატიმრებს გაესაუბრება და ინფორმაციას პირადად მათგან მიიღებს. 

სამწუხაროდ, ჩვენც საჯაროდ გავრცელებული განცხადების საფუძველზე გავიგეთ, რომ გარდაცვლილია ხანძრის შედეგად 2 პატიმარი. ნამდვილად სამწუხაროა, რომ არც პენიტენციურმა სამსახურმა და არც სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა არ შეგვატყობინა აღნიშნულის თაობაზე. 

დღეს რამდენიმე საათია, ჩვენი წარმომადგენლები  იმყოფებიან ტერიტორიაზე, გაესაუბრნენ პატიმრებს, დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი. მათთვის ეს ინფორმაცია არის ცნობილი, რომ ხანძარი დაიწყო სასადილოში სადილის შემდგომ, იმყოფებოდა იქ ერთი პირი, რომლის გამოყვანასაც ცდილობდა სხვა პატიმარი - ამბობს ნინო ლომჯარია. 

შეგახსენებთ, ხანძარი რუსთავის მე-17-ე ციხეში გუშინ გაჩნდა, რის შედეგადაც 2 პატიმარი გარდაიცვალა. იუსტიციის სამინისტრომ  პატიმრების სიკვდილის ამბავი ჯერ დამალა, შემდეგ დაადასტურა, თუმცა ამ დრომდე დაუდგენელია რამ გამოიწვია ხანძარი და რატომ ვერ მოხდა დროული ევაკუაცია. 

მსგავსი სიახლეები