ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას სუსი-ს მონაწილეობით გეგმავს - ოპოზიცია

15.10.21 17:55
ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას სუსი-ს მონაწილეობით გეგმავს - ოპოზიცია

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ,,ქართული ოცნება" ყველაფერზე წავა, ოღონდ მეორე ტურში გამარჯვება მიიწეროს. ,,გირჩის" ლიდერის ინფორმაციით, არჩევნებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უხეშად ერევა და ამომრჩეველზე ზეწოლის მოსახდენად ნებისმიერ დაშვებულ, თუ დაუშვებელ ხერხს გამოიყენებს.

რასაც უკვე აკეთებენ, არის ის, რომ რეგიონებში მობილიზებული ჰყავთ სუსი და ცდილობენ, რომ საკუთარი აქტივი იმაში დაარწმუნონ, რომ ხელისუფლებაში რჩებიან. რამდენიმე შემთხვევა ვიცი, რომ გორში მათ პირადობის მოწმობები იქირავეს, რასთა ის ხალხი, ვისზეც ეჭვი ჰქონდათ, რომ ,,ოცნების" ამომრჩევლები არ იყვნენ, დარჩენილიყვნენ სახლში.- აცხადებს ზურა ჯაფარიძე.

,,ევროპული საქართველოს" წევრის, ბესიკ დონაძის, ინფორმაციით, ,,ქართული ოცნების" კოორდინატორები ადგილზე აგროვებენ ინფორმაციებს, ვინ უჭერს მხარს ხელისუფლებას და ვინ წინააღმდეგია. შემდგომში ეს ინფორმაცია მიეწოდება სუს-ს და იწყება ამომრჩეველზე ზეწოლა.

უბნის კოორდინატორები მოიპოვებენ ინფორმაციებს, ვინ უჭერს მხარს ,,ოცნებას" და ვინ არა. ამის შემდეგ ხდება ინფორმაციების დალაგება, ვისთან რა ღონისძიება უნდა განხორციელდეს. ამ ინფორმაციას აწვდიან საბოლოოდ სუს-ს, რომ უსაფრთხოების სამსახურმა ზეწოლის ღონისძიებები განახორციელოს - ამბობს ბესიკ დონაძე.

მმართვცელი პარტია ბრალდებას უარყოფს. ,,ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, სოზარ სუბარის, თქმით, ოპოზიცია ყველა არჩევნებს აგებს და გაყალბებაზე საუბრობს, თუმცა ფაქტებს ვერ დებს.

,,ნაცმოძრაობა" უშეღავათოდ აგებს ყველა არჩევნებს და ამის შემდეგ იწყებენ საუბარს გაყალბებებზე, თუმცა გაყალბების დამადასტურებელ ფაქტებს ვერასოდეს დებენ, ეს დაადასტურა 2020-ისა და 2021 წლის არჩევნებმაც. ამ არჩევნებსაც ძალიან მაგრად წააგებენ - აცხადებს სოზარ სუბარი.

მსგავსი სიახლეები