ადვოკატი: ერთადერთი, რის გამოც კანდელაკი პატიმრობაშია, ბორის გოგიჩაიშვილის გამოკითხვის ოქმია
"გიორგი კანდელაკი ბორის გოგიჩაიშვილის [გორის საკრებულოს წევრის] ჩვენებითაა აქ [განსასჯელის სკამზე]" - ამის შესახებ ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალურად წარმოების ბრალდებით დაკავებული ყოფილი მოკრივის ადვოკატმა, ლანა ცერცვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ერთადერთი, რის გამოც, კანდელაკი პატიმრობაშია, ბორის გოგიჩაიშვილის გამოკითხვის ოქმია.
„გიორგი კანდელაკი ბორის გოგიჩაიშვილის [გორის საკრებულოს წევრის] ჩვენებითაა აქ [განსასჯელის სკამზე]. გოგიჩაიშვილი ვერც კი წაიკითხავდა, არათუ მოჰყვებოდა ამას.
ერთადერთი, რის გამოც, კანდელაკი პატიმრობაშია, ბორის გოგიჩაიშვილის გამოკითხვის ოქმია. კაცი თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ ისაუბრებს და ვერ წაიკითხავს ამას, როგორ შეიძლება ვინმეს დაკავების და შემდეგ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის საფუძველი ეს გახდეს?
გიორგი კანდელაკს ბორის გოგიჩაიშვილთან არანაირი სახის ფულადი თანხის გადარიცხვა არ უფიქსირდება.
არც ერთი ბოთლი გასული არ არის კონკრეტული ადგილიდან, რეალიზაციაში არაა გასული და რომელი სარგებლის მიღებაზეა საუბარი? ბატონი გიორგი ადგილზეც არ არის ნამყოფი”, - განაცხადა ცერცვაძემ.
რაც შეეხება წარდგენილ ბრალს, უფლებადამცველის თქმით, საქმის მასალებში ვერ დაინახა, რა როლი ჰქონდა გიორგი კანდელაკს აღნიშნულ საქმეში.
ადვოკატმა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიებად 100 ათასი ლარიანი გირაო და დამატებითი შეზღუდვები შესთავაზა.
ვთავაზობთ, აღკვეთის ღონისძიებად გამოყენებულ იქნას 100 ათასი ლარის გირაო და დამატებითი შეზღუდვები: პასპორტის ჩამორთმევა, ყოველკვირეული მისვლა საგამოძიებო უწყებაში და კონკრეტულ პირებთან კომუნიკაციის შეზღუდვა"- თქვა მან.