რეზიდენცია მილიონ 175 000-ად სესხის გარეშე - ვანო ზარდიაშვილის გადამალული ქონება

თბილისი, ვაკე, ჭავჭავაძის გამზირი N60 - დედაქალაქის შუაგულში, ევროკავშირის ოფისის გვერდით მდებარე ელიტურ კორპუსში "შაბათის ეთერმა" ვანო ზარდიაშვილი ცხოვრობს.
"არტ ჰაუს პლაზას" ცათამბჯენში ბინის ერთი კვადრატულის ღირებულება 2100 დოლარიდან 2800 დოლარამდეა.
"ქართულ ოცნების" რუხი კარდინალი რომელიც მმართველ პარტიასა და სასამართლოს შორის შუამავალია და საქმეებს ალაგებს, მილიონიან ბინას ფლობს. უფრო ზუსტად. ვანო ზარდიაშვილის მამის სახელზე გაფორმებულია აპარტამენტები, რომლის საბაზრო ფასიც ახლა მილიონ 175 ათასი ლარია.
169 კვ 4 საძინებლიანი აპარტამენტის გარდა, ვანო ზარდიაშვილი ორ მიწისქვეშა პარკინგსაც ფლობს. მას რემონტი ასი ათასზე დაუჯდა.
დოკუმენტების მიხედით ვანო ზარდიაშვილმა ფეშენებელური აპარტამენტები ჭავჭავაძის გამზირის ცათამბჯენში 2019 წლის 13 მაისს იყიდა. პარლამენტის დატოვებამდე რამდენიმე თვით ადრე. ბინა დეპუტატის ქონებრივ დეკლარაციაში რომ არ გამოჩენილიყო, მამის, გელა ზარდიაშვილის სახელზე გადააფორმა. ზარდიაშვილმა ბინაში 210 ათასი დოლარი ანუ დაახლოებით 600 ათასი ლარი გადაიხადა.
ფეშენებელური აპარტამენტის შესაძენად პარლამენტის ყოფილ წევრს სესხი არ დასჭირვებია. დოკუმენტში წერია რომ 180 ათასი დოლარი ანუ დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი ბინის მფლობელს პირდაპირ ჩაუთვალა.
ვანო ზარდიაშვილი ამტკიცებს, რომ ფული ემიგრანტმა დედამ გამოუგზავნა. დეკლარაციაში ის წერს, რომ დედისგან 61 500 დოლარი გზავნილი ნამდვილად მიიღო. ოღონდ ფული სრულად მამას მისცა. ბინების გაყიდვისაგან მიღებული შემოსავალი კი ძმას გადასცა.
საქართველოს პარლამენტში ვანო ზარდიაშვილი ხელფასს 3100 ლარს იღებდა. მილიონ ასი ათასიანი ბინის თანხის მოსაგროვებლად მას ამ ხელფასით 31 წელი უნდა ემუშავა.
ზარდიაშვილმა ბინა ანდრო ბიბილეიშვილისგან შეიძინა. ბიბილეიშვილი ცემენტის მაგნატია. ის სააქციო საზოგადოება "კავკაზუს ცემენტის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და დირექტორია. დოკუმენტების მიხედვით, ზარდიაშვილმა თბილისის ყველაზე პრესტიჟულ რეზიდენციაში 210 ათასი დოლარი გადაიხადა - ერთ კვადრატულ მეტრში 1242 დოლარი. ზარდიაშვილის აპარტამენეტების ფასი ახლა მილიონ 175 ათასი ლარია. ოღონდ კარკასის - რემონტის გარეშე. გარემონტებული ბინა იგივე ფართის რაც ვანო ზარდიაშვილს აქვს, ამ კორპუსში ახლა მილიონ ნახევარ ლარად იყიდება.
ვანო ზარდიაშვილი ქართული ოცნების რიგითი წევრი რომ არ არის. სუს-იდან გამოჟონილი ფაილებიც ადასტურებს. ჩანაწერების თანახმად, მას ქართული ოცნების მოქმედი დეპუტატები სასამართლო განაჩენებს უკვეთავენ. ანუ ურეკავენ და ავალებენ ამა თუ იმ კომერციულ დავაზე რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მოსამართლემ.
ზარდიაშვილი ახლა ის სახელმწიფო კომპანია ენერგო ტრანში დირექტორის მოადგილეა. აქვს სოლიდური ანაზღაურება.