მოსამართლის განმარტებით, რომეო მიქაუტაძეს 9 ბრალი აქვს წარდგენილი
„თავს დამნაშავედ არ ვცნობ" - ამ სიტყვებით მიმართა კორუფციის ბრალდებით დაკავებულმა რომეო მიქაუტაძემ მოსამართლე ლელა კალიჩენკოს კითხვაზე, "ცნობს თუ არა თავს დამნაშავედ.
დღეს მოსამართლის მიერ დაკავებულისთვის მისი უფლებების განმარტებისას გახდა ცნობილი, რომ მიქაუტაძეს 9 ბრალდება აქვს წაყენებული - უმრავლესობა სამოხელეო დანაშაულია, ეხება თანამდებობის ბოროტად გამოყენებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას, არა მხოლოდ ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ყოფნისას, არამედ იქამდეც: შპს „თბილსერვის ჯგუფი“ - დირექტორის პოსტზე, 2018 – 2019 - შპს „ენერგოტრანსის“ - დირექტორის პოსტზე, 2018 - საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის (GEDF) - დირექტორის პოსტზე.
9 ბრალის შესახებ "პირველები" ინფორმაციას მხარეებთან დააზუსტებს.
სხდომაზე მხარეები მტკიცებულებების დაუშვებლობაზე მსჯელობენ - რომეო მიქაუტაძის ადვოკატები პროკურატურის მტკიცებულებებს სადავოდ აცხადებენ, ეს ნიშნავს, რომ ყველა მტკიცებულებას სასამართლო სხდომებზე გამოიკვლევენ.
დღევანდელ პროცესზე ასევე ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო ბრალდებას აღნიშნულ საქმეზე 117 მოწმე ჰყას გამოკითხული.
- ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე კორუფციის ბრალდებით 20 ივნისს დააკავეს.
საქმის მასალების მიხედვით, რომეო მიქაუტაძე სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. კერძოდ კი, ბრალდების მხარის მტკიცებით, ბრალდებულმა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის 2 556 192 ლარის უკანონო დაუსაბუთებელი ლეგალიზაცია განახორციელა.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.