ბიუჯეტში ფული არ გვაქვსო და წინასაარჩევნოდ დევნილები და ვეტერანები გაახსენდათ? - რომან გოცირიძე
ზრუნვა ხალხზე, თუ წინასაარჩევნო მოსყიდვა? არჩევნების მეორე ტურის წინ ხელისუფლებას დევნილებიც გაახსენდა და ვეტერანებიც. პრემიერი იძულებით გადაადგილებულ 193 ოჯახს სახნავ -სათესს მიწებს საკუთრებაში სიმბოლურ ფასად გადასცემს, ვეტერანებს კი დახმარება 110 ლარით გაეზრდებათ.
ოპოზიცია ხელისუფლებას ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს. ,,ოცნება" ოპოზიციას კი - დესტრუქციის მცდელობაში.
რატომ გაეწიათ დახმარება დევნილებსა და ვეტერანებს - ოპოზიციის მტკიცებით, ხელისუფლება საბიუჯეტო სახსრების საკუთარი მიზნისთვის ხარჯვის პრაქტიკას აგრძელებს. ,,ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე, აცხადებს, რომ დევნილთა და ვეტერანთა პრობლემები ქვეყანაში დიდი ხანია, რაც დგას, თუმცა მათთვის დახმარება ხელისუფლებას არჩევნების მეორე ტურის წინ გადაწყვიტა იმ პერიოდში, როცა ქვეყანა საგარეო ვალებს იღებს და ბიუჯეტში თანხა აღარ დარჩა.
ეს არის წინასაარჩევნო, პროპაგანდისტული მოსყიდვა... ამბობენ, ბიუჯეტში ფული არ გვაქვსო და საგარეო ვალებს იღებენ და როგორ, როცა უზარმაზარი საგარეო ვალი აიღო ქვეყანამ და პანდემიას ვებრძვით, ახლა გაახსენდათ დევნილები და ვეტერანები? საიდან გამოჩნდა ეს ფული, არჩევნების წინ ფული გამოჩნდება-ხოლმე - აცხადებს რომან გოცირიძე.
ხელისუფლება ოპოზიციას დესტრუქციაში ადანაშაულებს და ამ ბრალდების საპასუხოდ აცხადებს, რომ მთავრობა დევნილებსა და ვეტერანებზე მუდმივად ზრუნავს, ხოლო მათთვის დახმარების გადაწყვეტილება არჩევნების მეორე ტურს უბრალოდ დაემთხვა.