გზავნილებს მოჰყვება სანქციებიც - უდუმაშვილი 70 ევროპელი პოლიტიკოსის წერილზე
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ზაალ უდუმაშვილი, დასავლელი პარტნიორების წერილს ეხმიანება, რომელშიც გავლენიანი პოლიტიკოსები მიხეილ სააკაშვილის საპატიმროდან გათავისუფლებას ითხოვენ. უდუმაშვილის შეფასებით, ევროპელებისთვის ქართულ სასამართლოსთან დაკავშირებით დიდი კითხვის ნიშნები არსებობს. მისი თქმით, თუ 70 გავლენიანი პოლიტიკოსის წერილს საქართველოს ხელისუფლება არ გაითვალისწინებს, აღნიშნულ გზავნილებს უკვე სანქციებიც მოჰყვება.
70 ევროპარლამენტარის ხელმოწერა ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირიდან მოვიდა ძალიან მკაფიო გზავნილი „ქართული ოცნების“ მისამართით და ეს არის მათი მოთხოვნა და სრულიად დასაბუთებული მოთხოვნა იმიტომ, რომ დიდი კითხვის ნიშანი არსებობს ევროპელებისთვის ქართულ სასამართლოსთან დაკავშირებით და ბუნებრივია, ისინი არ იზიარებენ იმ გადაწყვეტილებას, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გაასამართლოს იმ სასმართლომ, რომელიც დღეს დამონებული ჰყავს ბიძინა ივანიშვილს. თუ არ იქნება შესაბამისი რეაგირება, ამ გზავნილებს შემდეგ უკვე მოჰყვება კონკრეტული გადაწყვეტილებები, მათ შორის, სანქციებიც, - ამბობს უდუმაშვილი.
"პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს" - გავლენიანი ევროპარლამენტარები, ყოფილი პრეზიდენტები, ცნობილი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად ერთობლივ ღია წერილს ავრცელებენ. წერილს 70 ხელმომწერი ჰყავს და მისი ადრესატები ევროპის საბჭოს, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტები არიან.