"მნიშვნელობა არ აქვს, ვინ აწერს ხელს" - შალვა პაპუაშვილი გავლენიანი ევროპელი პოლიტიკოსების წერილზე
"ქართული ოცნების" საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი ამბობს, რომ 70 ევროპელი გავლენიანი პოლიტიკოსი, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მიმართავენ, მესამე პრეზიდენტთან პირადი მეგობრობითა და ლობიზმით ხელმძღვანელობენ. შალვა პაპუაშვილის თქმით, წერილზე ხელმომწერები ქვეყანაში მართლმსაჯულების აღსრულების ინტერესს პატივს არ სცემენ.
მნიშვნელობა არ აქვს, ვინ აწერს ხელს ასეთ განცხადებას. ყველა, ვინც ხელს აწერს ასეთ განცხადებას ერთი, რომ ის პატივს არ სცემს სააკაშვილის დანაშაულის მსხვერპლებს, მეორე - პატივს არ სცემს მართლმსაჯულების აღსრულების ინტერესს და ხელმძღვანელობს მხოლოდ მიხეილ სააკაშვილთან პირადი მეგობრობითა და ლობიზმით.
მნიშვნელობა არ აქვს, ვინ აწერს ხელს, ან რამდენი ადამიანი, მნიშვნელობა აქვს შინაარსს. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არსებობს სასამართლოს ორი გადაწყვეტილება. თუკი კითხვები არსებობს, შეუძლიათ, კითხვები დაუსვან მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოს, - ამბობს პაპუაშვილი.
"პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს" - გავლენიანი ევროპარლამენტარები, ყოფილი პრეზიდენტები, ცნობილი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად ერთობლივ ღია წერილს ავრცელებენ. წერილს 70 ხელმომწერი ჰყავს და მისი ადრესატები ევროპის საბჭოს, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტები არიან.