აქციაზე ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება ოთხი მუხლით დავიწყეთ - შსს

04.10.25 21:47
აქციაზე ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება ოთხი მუხლით დავიწყეთ - შსს

შინაგან საქმეთა სამინსიტროში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა, სადაც მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ „თბილისში მიმდინარე აქციის ორგანიზატორების და მონაწილეების მიერ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით“ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე მუხლებით დაიწყო.

მისი მტკიცებით, აქცია გასცდა კანონით დადგენილ ნორმებს.

 „ეს პოლიციელზე თავდასხმას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას, ნივთის დაზიანებას, განადგურებას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ან მასში მონაწილეობას, ასევე, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების ან ბლოკირებას მცდელობას გულისხმობს“, - თქვა დარახველიძემ.

გეკა გელაძის მოადგილის თქმით, იძლევა მკაცრ გაფრთხილებას, შსს გამოიყენებს ყველა შესაძლო ზომას აქციის მონაწილეთა მიმართ.

„აქციის ორგანიზატორების მხრიდან გახმოვანდა ძალადობრივი შინაარსის მოწოდებები, ორგანიზატორებმა ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის შენობის ჯებირი დააზიანეს და შენობაში შეჭრა სცადეს, დაფიქსირდა ძალადობის ფაქტები.

საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებების, მათ შორის, ძალადობრივი ჯგუფების მიერ სამართალდამცველების მისამართით ნასროლი სხვადასხვა საგნის მოხვედრის შედეგად, ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, შსს-ს 14 თანამშრომელია დაშავებული. მათ აღენიშნებათ ჯანმრთელობის სხვადასხვა დაზიანება. ერთ-ერთი მათგანი მიღებული დაზიანების შედეგად მძიმე მდგომარეობაშია“, - განაცხადა დარახველიძემ.

მსგავსი სიახლეები