რას ამბობს კობახიძე გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით აშშ-ში საქართველოს ელჩი სახდეპში დაიბარეს
ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ აშშ-ში საქართველოს ელჩი, თამარ ტალიაშვილი სახელმწიფო დეპარტამენტში არ დაუბარებიათ.
"ოცნების" პრემიერი ადასტურებს, რომ თამარ ტალიაშვილს სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრა ნამდვილად ჰქონდა, თუმცა ირწმუნება, რომ ეს არ ყოფილა „დიპლომატიური პროცედურა ან დიპლომატიური ზომა“.
- "რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი, თამარ ტალიაშვილი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში დაიბარეს.გამოცემის ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტმა "ქართული ოცნების" წარმომადგენლების განცხადებების გამო, "ღრმა შეშფოთება" გამოხატა. კერძოდ, თამარ ტალიაშვილის დაბარება "ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლების ბრალდებებს უკავშირდება "ტაილანდიდან რევოლუციის დაფინანსების" შესახებ.
„მე გეუბნებით, რომ არ დაუბარებიათ. მე მქონდა საუბარი ამ დღეების განმავლობაში არაერთხელ ქალბატონ თამარ ტალიაშვილთან, მას ჰქონდა არაერთი შეხვედრა, ის არ დაუბარებიათ არც ერთხელ. თქვენ იცით, რომ დაბარება სპეციალური დიპლომატიური პროცედურაა, დიპლომატიური ზომა. ის არ დაუბარებიათ არც ერთხელ. მრავალი შეხვედრა ჰქონდა, მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტთანაც, დეპარტამენტის წარმომადგენელთან. რაც შეეხება თვითონ კომუნიკაციას, ეს არის დახურული ინფორმაცია და ამაზე საუბარი ჩვენ არ შეგვიძლია, არასწორია, დახურული საუბარი უნდა დარჩეს დახურულ საუბრად.
ზოგადად გეტყვით, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან ყველაფერთან დაკავშირებით, სხვადასხვა ფორმატში, მათ შორის ელჩი ძალიან აქტიურად მუშაობს. გულწრფელად ვესაუბრებით ხოლმე ერთმანეთს, რა მოგვწონს, რა არ მოგვწონს. ყოველთვის არის ძალიან გულწრფელი საუბრები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.