საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა ამერიკის მხრიდან ურყევია - მიხეილ სააკაშვილი

19.10.21 14:17
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა ამერიკის მხრიდან ურყევია - მიხეილ სააკაშვილი

აშშ-ს თავდაცვის მდივანის ლოიდ ოსტინის საქართველოში ვიზიტს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ციხიდან ეხმაურება. 

სააკაშვილის შეფასებით, ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანის  ვიზიტი ხაზს უსვამს, რომ  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა ამერიკის მხრიდან ურყევია.

სააკაშვილი ყურადღებას ამახვილებს სტრატეგიულ პროექტებზე, შირაქის სამხედრო აეროპორტსა და ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე, როგორც რეგიონში ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტზე.

ძალიან ვაფასებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ჯ. ოსტინის ვიზიტს საქართველოში (ისევე, როგორც უკრაინაში), რაც ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან არის ურყევი ”!
რაც შეეხება საქართველოს, მე მჯერა, რომ ქვეყნის აღმოსავლეთით, შირაქის სამხედრო აეროპორტის აღორძინებას აქვს დიდი და პერსპექტიული პოტენციალი. შესაძლოა, გადამწყვეტი სტრატეგიული მნიშვნელობა მოიპოვოს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრებთან ახლოს განლაგებულმა ბაზამ, სადაც სამი ათასამდე ამერიკელი სამხედროს განთავსება იქნება შესაძლებელი. 
გარდა ამისა, აუცილებელია ანაკლიის პორტის (ლაზიკის) საკითხის გადახედვა. ამ ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განვითარებას ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჰქონდა დიდი ხელშეწყობა, თუმცა, 2020 წელს, საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ შეწყვიტა პროექტზე მუშაობა, რათა ემსახუროს რუსეთის ინტერესებს რეგიონში. 
ანაკლიის პორტი წარმოადგენს მნიშვნელოვან ელემენტს როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციების გასაძლიერებლად, ასევე მთელს რეგიონში უსაფრთხოების გაზრდის თვალსაზრისით
- აღნიშნავს საქართველოს მესამე პრეზიდენტი თავის ახალ მიმართვაში.