ირაკლი ნადირაძისთვის პატივია, იყოს ივანიშვილის რეჟიმის ტყვე - ირაკლი აბესაძე

05.10.25 13:04
ირაკლი ნადირაძისთვის პატივია, იყოს ივანიშვილის რეჟიმის ტყვე - ირაკლი აბესაძე

 

 

ირაკლი ნადირაძისთვის პატივია, იყოს ივანიშვილის რეჟიმის ტყვე, - ამის შესახებ პოლიტიკოსის ადვოკატი მასთან შეხვედრის შემდეგ საუბრობს. ირაკლი აბესაძის თქმით, ნადირაძე მიიჩნევს, რომ ავტორიტარული რეჟიმის პირობებში დამხობის ბრალდებით გასამართლება მისთვის ნამდვილად პატივია. 

ინტერესების დამცველი ბრალდებას "პოლიტიკურ შოუდ" აფასებს და აღნიშნავს, რომ სასაცილოა, როდესაც "ოცნება", რომელმაც ხელისუფლება დანაშაულებრივი გზით მოიპოვა, ვინმეს ბრალეულობაზე საუბრობდეს. 

შევხვდი ირაკლი ნადირაძეს. მისი პოზიცია არის, რომ როდესაც ხელისუფლებაში გვყავს რუსი ავტორიტარული რეჟიმი, მისი დამხობის ბრალდებით გასამართლება მისთვის არის პატივი. პირველ რიგში, მას უნდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადოს საზოგადოების იმ აქტიურ ნაწილს, იმ ასი ათასობით მოქალაქეს, რომელიც გუშინ რუსთაველის გამზირზე იყო, მადლობა გადაუხადოს იმ მილიონობით ადამიანს, ვინც ამ პროცესს გულშემატკივრობს და ეწინააღმდეგება „ქართული ოცნების“ მიტაცებულ რეჟიმს და ძალაუფლებას. რაც შეეხება ბრალდებას - მორიგი პოლიტიკური შოუ, რომელსაც „ქართული ოცნება“ გვთავაზობს. რა თქმა უნდა, დავეთანხმები ირაკლის და სასაცილოა, ვსაუბრობდეთ ხელისუფლების დამხობაზე, რომელმაც ეს ძალაუფლება დანაშაულებრივი გზით თავად მოიპოვა 2024 წლის არჩევნებზე.

მისთვის პატივია, რომ იყოს ივანიშვილის რეჟიმის ტყვე. რაც შეეხება სამართლებრივ ბრძოლას, ამ ქვეყანაში კანონი არავისთვის არ არსებობს… სამართლებრივად რა პოზიცია
გვექნება, ამას ჩამოვაყალიბებთ, მაგრამ ამ ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლის არანაირი აზრი არ არსებობს… გითხარით, რომ არ აღიარებს ბრალს, ვერ აღიარებს ბრალს. დიახ, [მისთვის პატივია დაკავება] რადგან ამ ბრძოლაშია
საკუთარი თავისუფლების ფასად. დიახ, ეს პატივია, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

შსს-ს ინფორმაციით,  მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძისა და პაატა ბურჭულაძის გარდა,  "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანგალაძე და პოლკოვნიკი, ავღანეთში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი ლაშა ბერიძე დააკავეს.

შესაბამისი განცხადება შსს-ს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ უწყებაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გაავრცელა.

შს მინისტრის მოადგილის თქმით, მათ "ბრალად ედებათ საქართველოს კონსტიტუციური წყობის ძალადობრივად შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება, ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა".

მუხლი, რომლითაც შსს-მ პოლიტიკოსები დააკავა 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

 

მსგავსი სიახლეები