ხელისუფლების ორმაგი სტანდარტი - ვინ არის ენმ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი, ვიზეც "ოცნება" ფსონს დებს

19.10.21 15:03
ხელისუფლების ორმაგი სტანდარტი - ვინ არის ენმ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი, ვიზეც "ოცნება" ფსონს დებს

,,ქართულ ოცნების" ორმაგი სტანდარტი - ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობას" დამნაშავე რეჟიმად მოიხსენიებს, ფსონს ენმ-ს ყოფილ მაღალჩინოსანზე დებს. 

საუბარია არჩილ ჩიქოვანზე, რომელიც არჩევნებზე ბათუმის მერობისთვის "ქართული ოცნებს" მხარდაჭერით იბრძვის. 

ჩიქოვანი წინა ხელისუფლების მმართველობის დროს ძალოვანი უწყების მაღალჩინოსანი იყო. მისი დაწინაურება სოდი-დან დაიწყო და სამხედრო პოლიციაში გაგრძელდა. ჩიქოვანი აჭარის სამხედრო პოლიციის შეფის სავარძელს იმ დროს იკავებდა, როდესაც ეს უწყება მეგის ქარდავას ებარა.

სატელევიზიო არქივი  ვიდეოკადრებსაც ინახავს, სადაც სამხედრო პოლიციის მაღალჩინოსანი  ფიზიკურად უსწორდება ერთ-ერთ დაკავებულს.

მიუხედავად მძიმე პოლიტიკური წარსულისა, 2012 წლის შემდეგ ის ,,ოცნების" რიგებში მოხვდა და აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსად დანიშნეს. ახალი ხელისუფლების პირობებში, ჩიქოვანის ხელმძღვანელობის დროს აუდიტის სამსახურმა დეპარტამენტში ფინანსური დარღვევები აღმოაჩინა, საქმეც აღიძრა, თუმცა გამოძიებას შედეგები ამ დრომდე არ დაუდია. 

ტვ პირველის ინფორმაციით, ჩიქოვანს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძესთან ნათესაური კავშირი აკავშირებს. 

,,პირველებმა" აჭარაში მყოფ პრემიერს ორმაგი სტანდარტების შესახებ კითხვაც დაუსვა. ღარიბაშვილი აღიარებს, რომ ჩიქოვანი საააკაშვილის მმართველობის დროს საჯარო მოხელე იყო, თუმცა მის მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეს უარჰყოფს.

არ შეიძლება, ადამიანს ცილი დასწამო, ეს არის სიცრუე. რაღაც აბსურდულ ბრალდებებს უყენებენ ჩვენს კანდიდატს და რას ამბობენ, რომ ,,ნაცმოძრაობის" დროს რაც სისხლიანი საქმეები ხდებოდა, თითქოს ეს ადამიანი მათში დამნაშავე იყო. მერე რა, რომ მუშაობდა, ზოგი პოლიციაში, ზოგი სად, მერე წამოვიდა, სააკაშვილს ჰკითხეთ მის საქმეებზე, დიდი მადლობა - განუცხადა ტვ პირველს ღარიბაშვილმა. 

თავად ჩიქოვანი აცხადებს, რომ აღნიშნული ვიდეო ე.წ. ფეიკია და მან ჟურნალისტებს უდანაშაულობის პრეზუმცია შეახსენა. 

გავრცელებული ვიდეო ფეიკია, გსმენიათ რამე უდანაშაულობის პრეზუმციის შესახებ? ,,ნაცმოძრაობის" დროს მე ვიყავი ერთ-ერთი საჯარო მოხელე, რომელიც წესისა და კანონის მიხედვით მოქმედებდა. ჩემს მიმართ არც ერთი სისხლის სამართლის საქმე არ არსებობს. კითხვის ნიშანი არც იმ წინა და არც ახალი ხელისუფლების დროს არ დასმულა. - აცხადებს არჩილ ჩიქოვანი.