კალაძეს ხმა ადმინისტრაციულმა რესურსმა მისცა, ანუ ნატურალური ამომრჩეველი, ვისაც ის რეალურად მოსწონს, არ ჰყავს - ხუხაშვილი

05.10.25 15:51
კალაძეს ხმა ადმინისტრაციულმა რესურსმა მისცა, ანუ ნატურალური ამომრჩეველი, ვისაც ის რეალურად მოსწონს, არ ჰყავს - ხუხაშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ კახა კალაძეს ხმა, რეალურად, მხოლოდ ადმინისტრაციულმა რესურსმა მისცა, რასაც პროცენტულობაც ცხადყოფს. მისი თქმით, დღეს თბილისს ჰყავს ქალაქის მერი, რომელსაც რეალური ამომრჩეველი არ ჰყავს.

ამასთან, პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ არჩევნებზე საერთო კანდიდატით გასვლის შემთხვევაში, ოპოზიციას დედაქალაში გამარჯვების დიდი შანსი ჰქონდა.  

15-დან 20%-მდე ეს არის წმინდა ადმინისტრაციული რესურსი ანუ ხალხი, რომელიც მუდმივად აძლევს ხელისუფლებას ხმას სხვადასხვა მეთოდებით: ზოგს სამსახურის დაკარგვის შიშით, ზოგს მოსყიდვით, ზოგს დაშინებით და ა.შ. ანუ აღმოჩნდა, რომ ჩვენ დღეს გვყავს ქალაქის მერი, რომელსაც ნატურალური ამომრჩეველი, ვისაც ის მოსწონს რეალურად, არ ჰყავს. შეთანხმებული რომ ყოფილიყო ოპოზიცია არჩევნებზე ერთიან კანდიდატზე, რომ ყოფილიყო კონსოლიდაცია და აქტივობა შესაბამისად, გაზრდილიყო თუნდაც 40-დან 45%-მდე, ეს ნიშნავს, რომ ან პირველივე ტურში იგებდა ოპოზიცია, ან იქნებოდა მეორე ტური, - ამბობს გია ხუხაშვილი. 

თვითმართველობის არჩევნებზე უპრეცედენტოდ დაბალი აქტივობა იყო. ამას ცხადყოფს ცესკოს ოფიციალური მონაცემები.

ირკვევა, რომ თბილისის უბნებზე სულ 273 ათას 929 ადამიანი გამოცხადდა, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის მხოლოდ 26%-ია. ეს კი ნიშნავს, რომ დედაქალაქში ხმის უფლების მქონე მილიონზე მეტი ადამიანიდან კახა კალაძეს, რომელიც კენჭს მესამე ვადით იყრიდა, მხარი მხოლოდ 215 ათასამდე მოქალაქემ დაუჭირა.

 

მსგავსი სიახლეები