ივანიშვილი უსმენს ყველას, გისმენენ თქვენ, ჩემო ძვირფასო კოლეგებო - მამუკა ხაზარაძე

19.10.21 15:14
ივანიშვილი უსმენს ყველას, გისმენენ თქვენ, ჩემო ძვირფასო კოლეგებო - მამუკა ხაზარაძე

უსმენენ ყველას, გისმენენ თქვენ, ჩემო ძვირფასო კოლეგებო - ასე მიმართა „ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ ოპონენტებს.

მისი თქმით, ტოტალური ჩანაწერები ბიძინა ივანიშვილისთვის კეთდება. 

მე მინდა, თქვენი ყურადღება გავამახვილო იმ ტოტალიტარულ მოსმენებზე, რომელსაც თურმე, არ აქვს არანაირი მასშტაბი. უსმენენ ყველას, გისმენენ თქვენ, ჩემო ძვირფასო კოლეგებო, გიღებენ და ამას ინახავენ იმ დროისთვის, როცა მათ დასჭირდებათ. ამას აკეთებს ერთი ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი თავისი საცეცებით.

გაოცებული ვარ, როცა ამაზე თქვენ არ გაქვთ პროტესტი. არ გაქვთ პროტესტი კანონმდებლებს, სადაც თქვენი ყველაზე მთავარი ღირებულება, თქვენი ღირსება, თავისუფლება, მანდატი არის ხელყოფილი"- თქვა ხაზარაძემ.

უკანონო მოსმენების საკითხზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემმაც ისაუბრა და "ქართული ოცნების" წევრებს მიმართა:

ეს არის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა, მისი კერძო საუბრების მოსმენა, მის საძინებელში შეხედვა. ეს არის დარღვევა, ეს არის დევნა და უნდა შეაფასოთ! - თქვა ჯაფარიძემ. 

მისი თქმით, პარტიული კუთვნილების მიუხედავად ყველას უსმენენ და ამაზე მმართველმა პარტიამ შეფასება უნდა გააკეთოს.

თითქოს პირში წყალი დაიგუბა ყველამ, შეიძლება, ვინმემ იფიქრა, რომ ეს დღევანდელმა უშიშროების სამსახურმა გააკეთაო. რატომ არ აპროტესტებთ ამას? გეუბნებით, რომ დამიბარეს თბილისის პროკურატურაში, მაჩვენეს ჩემი საუბრების ჩანაწერები, რაც ზუსტად ემთხვევა ჩემს ყოველდღიურ საუბარს. გამოძიება ერთია, მაგრამ პოლიტიკურად ხომ უნდა შეაფასოთ? 

დამნაშავე გამოძიებამ გამოარკვიოს, მაგრამ რატომ არ აფასებთ პოლიტიკურად ამ საკითხს?! ეს დიდი პრობლემაა. დავგმოთ ერთად, რომ ეს მიუღებელია, ვინც არ უნდა გააკეთოს. თქვენიანის გაკეთებული თუ არის, ის ადამიანიც უნდა დაგმოთ“- განაცხადა ჯაფარიძემ.

"ლელოს" ლიდერების განცხადებებს პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა. მისი თქმით,  „თუ უკანონო მოსმენები დადასტურდება, ეს მიუღებელია“ და შესაბამისი პასუხი გაეცემა ყველა კანონდამრღვევს.

ვთქვით, რომ პროცედურებს მივყვებით ბოლომდე და ყველა კითხვას გავცემთ პასუხს. ვის მოვთხოვოთ პასუხი, სანამ გამოძიება არ დასრულდება და არ დადგინდება, ვინ უსმენდა? თქვენივე კოლეგამ ახსენა, რომ შეიძლება, ყოფილიყო სხვა ქვეყნის უწყებებიც, არ ვიცით, ეჭვია. დასრულდეს გამოძიება და კითხვებზე პასუხის გაცემის საშუალება ყველას გექნებათ“, - განაცხადა კუჭავამ.