რა მოხდა გუშინ? - რას ფიქრობენ პროტესტის მონაწილეები
"რუსთაველის გამზირზე 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციაზე 100 000 ადამიანი გამოვიდა"- ეს არის მონაცემები, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა X-ზე გაასაჯაროვა. ქვეყანაში მასშტაბური პროტესტის აგორებიდან 1 წლის თავზეც "ქართული ოცნების" წინააღმდეგ განწყობილი მოქალაქეების რიცხვი არ მცირდება. ხალხი "ქართულ ოცნებას" ეუბნება - არას. გუშინდელმა შეკრებამ ახალგაზრდებს კიდევ ერთხელ დაანახა, რომ უწყვეტი პროტესტის გაგრძელება აზრს არ კარგავს და ქვეყნის გადასარჩენად დგომა აუცილებელია.
310 დღე ყოველდღე, პარლამენტის სასახლის წინ "ქართული ოცნების" საწინააღმდეგო ლოზუნგები ისმის, თითქმის ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა არცერთი დღე, როდესაც მცირერიცხოვანი ან ხალხმრავალი აქცია არ გამართულიყო. ადამიანები, ვინც "ოცნებამ" პროტესტში მონაწილეობის გამო ციხითაც კი დასაჯა ამბობენ, რომ ნებისმიერი თავმოყვარე პოლიტიკური ლიდერისთვის უწყვეტი პროტესტი უნდა გახდეს საფუძველი რომ მართვის სადავეები დაუბრუნოს ხალხს.
რა იცვლება 4 ოქტომბრის პროტესტის შემდეგ, სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მათთვის არაფერი. ყოველდღე "ქართული ოცნების" წინააღმდეგ ბრძოლას ისევ გააგრძელებენ, იმიტომ რომ ეს არის პარტია, რომელსაც ქვეყანას მომავლის იმედსაც კი უნადგურებს.
გუშინდელი დღე აქციაზე მისული ადამიანებისთვის იყო დიდი იმედგაცრუება და არც მალავენ. თუმცა მოქალაქეები რომლებიც ამ პროტესტში პირველივე დღიდან არიან ჩართულები ფიქრობენ, რომ გამარჯვების გზაზე ასეთი დღეებიც არსებობს.