4 ოქტომბრის საქმეში მთავარი მტკიცებულება დაკავებულების საჯარო განცხადებებია - ირაკლი აბესაძე
ეროვნული კრების ორგანიზატორების ადვოკატები აცხადებენ, რომ 4 ოქტომბრის საქმეში ძირითადი მტკიცებულებები მხოლოდ მოწმეების ჩვენებებსა და თავად დაკავებულების საჯარო განცხადებებზეა დაფუძნებული.
ირაკლი ნადირაძის ადვოკატის, ირაკლი აბესაძის თქმით, გამოძიება პოლიტიკური ხასიათისაა და მიზნად აქციის დისკრედიტაციასა და პროტესტის მუხტის ჩახშობას ისახავს. ადვოკატი ხაზს უსვამს, რომ ბრალის დადგენილება ზედაპირულია და არ შეიცავს რეალურ მტკიცებულებებს, ხოლო საქმეში დასახელებული მოწმეები, სავარაუდოდ, სამართალდამცავები არიან.
ის პოლიტიკური განცხადებები, რაც კეთდებოდა, ახლა ასახულია ორგვერდიან ბრალის დადგენილებაში, სადაც მტკიცებულებებად მხოლოდ მოწმის ჩვენებებია მოყვანილი. ჩვენი ვარაუდი გამართლდა, რომ არანაირი განსაკუთრებული სისხლის სამართლის საქმე, ამ შემთხვევაში, ჩვენ არ გვაქვს. მორიგ ჯერზე ხელისუფლების პოლიტიკური მცდელობა გვაქვს აქციის დისკრედიტაციის, მუხტის ჩახშობის.
მოწმეთა ვინაობა არ ვიცი, სახელები და გვარებია ჩამოთვლილი, სავარაუდოდ, სამართალდამცავები არიან. მასალებს ჯერ არ გავცნობივართ, მისი გადმოცემის შემდეგ გვეცოდინება, რა მტკიცებულებებია წარმოდგენილი. ბრალის დადგენილებას გავეცანით, გავაკეთეთ შენიშვნა, რომ ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. თავად დაკავებული 5 ადამიანის საჯარო განცხადებებია თითქოს, მთავარი მტკიცებულებები ამ საქმეში“, - თქვა ირაკლი ნადირაძის ადვოკატმა, ირაკლი აბესაძემ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებზე.
შეგახსენებთ, რომ 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორებს, პაატა ბურჭულაძეს, ირაკლი ნადირაძეს, მურთაზ ზოდელავას, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს ბრალდება წარედგინათ. მათ გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ხელმძღვანელობას, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლას და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას ედავება.
საგამოძიებო უწყების ცნობით, ყველა მათგანს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.