როგორც თქვენი ყოფილი უმაღლესი სარდალი, მოვითხოვ, შეწყვიტოთ შიმშილობა - სააკაშვილის მიმართვა სამხედროებს
საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის მე-12-ე პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ იმ სამხედროებს მიმართავს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს სოლიდარობას უცხადებენ და შიმშილობენ. მიხეილ სააკაშვილის მორიგი წერილი, რომლის ადრესატებიც გიორგი ცააძე, ირაკლი ფირცხალავა და რომა შამათავა არიან, საჯაროდ ,,ენმ"-ს წევრმა, ეკა ხერხეულიძემ, წაიკითხა. ხერხეულიძემ მსჯავრდებული ცოტა ხნის წინ მოინახულა.
გავიგე, რომ საპატიმროში მყოფი სამხედროები შიმშილობენ ჩემი სოლიდარობის ნიშნად. ისიც გავიგე, რომ ერთი მათგანის, რომა შამათავას, მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. რომა შამათავა არის საქართველოს ეროვნული გმირი. მინდა, კი არ გთხოვოთ, არამედ, როგორც თქვენმა ყოფილმა უმაღლესმა სარდალმა, მოგთხოვოთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ შიმშილობა, ჩემი მსხვერპლიც საკმარისია ამ ეტაპზე. ძმური სიყვარულით, მიხეილ სააკაშვილი, - წერს მესამე პრეზიდენტი.
ეკა ხერხეულიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობიოს მდგომარეობა კრიტიკულია, თუმცა ის თავს უწინდებურად მხნედ გრძნობს და საბრძოლო განწყობაზეა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტს დღეს მედიკოსთა ჯგუფიც მოინახულებს, რომლებიც მისი ჰოსპიტალიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ.