კარასინი "ოცნებას" აქებს
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინი კვლავ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს და "ოცნების" ხელისუფლების ნარატივს სრულად იმეორებს. რუსულ პროპაგანდისტულ გამოცემა Lenta.ru-სთან ინტერვიუში კარასინმა განაცხადა, რომ „საქართველო მომწიფდა“ და 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციებს უკრაინის მაიდანს შეადარა.
„საქართველოში მაიდანის გამეორების მცდელობები, მოსახლეობის უმრავლესობის წინააღმდეგ, რომელმაც აირჩია ის, ვისი არჩევაც სურდა, სრულიად ჩავარდა. მაიდანის პოლიტიკური ტექნოლოგიები წარსულს ბარდება და ამას ძალიან სწრაფად უნდა მიხვდნენ ისინი, ვინც ამას აორგანიზებს. საქართველო გაიზარდა, ფეხზე დადგა და მშვიდად რეაგირებს ყველა ამ ჩანაფიქრსა და ინტრიგაზე. ეს უნდა აღვნიშნოთ“, – თქვა კარასინმა.
კრემლის მაღალი რანგის წარმომადგენლის ეს განცხადება სრულ თანხვედრაშია „ქართული ოცნების“ რიტორიკასთან - ირაკლი კობახიძე არაერთხელ ადარებდა საქართველოში მიმდინარე პროევროპულ პროტესტს „მაიდანს“.
ეს არც პირველი შემთხვევაა, როცა კარასინი ხელისუფლების პოლიტიკას აღიარებით ეკიდება: 2024 წელს მან თქვა, რომ „საქართველო დაღვინდა“, ბიძინა ივანიშვილის განცხადების შემდეგ, თითქოს „ოსებს ბოდიში უნდა მოვუხადოთ“.