მიხეილ სააკაშვილთან საპატიმროში მედიკოსთა ჯგუფი იმყოფება
რუსთავის მე-12-ე პენიტენციურ დაწესებულებაში ამ წუთებში მედიკოსთა ჯგუფი იმყოფება. ექიმებმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა შეაფასონ, რის შემდეგ მისი ჰოსპიტალიზაციის საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.
მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის, თქმით, ექიმების რეკომენდაციის შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში გადაყვანას დათანხმდება, თუმცა უცნობია, რამდენად დაუშვებს ამას ხელისუფლება. უფლებამდაცველი არ გამორიცხავს, რომ მესამე პრეზიდენტის გამოჩენის შიშით "ქართულმა ოცნებამ" კერძო კლინიკაში გადაყვანაზე მას უარი უთხრას.
თუკი სასიცოცხლო პარამეტრების შესანარჩუნებლად აუცილებელი გახდება კერძო კლინიკაში გადაყვანა, ან საერთოდ საავადმყოფოში მოთავსება, ბუნებრივია, ამ თვალსაზრისით წინააღმდეგობა მიხეილ სააკაშვილის მხრიდან არ იქნება. თუმცა აქაც დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლების შიში, რომ საზოგადოებამ არ ნახოს მიხეილ სააკაშვილი, აისახება ამ ნაბიჯზეც და ამ გადაწტყვეტილებაზეც. ვგულისხმობ იმას, რომ არ არის გამორიცხული, ხელისუფლებამ უარი თქვას სტანდარტულად მიღებულ ფორმაზე, როდესაც კერძო კლინიკაში გადაჰყავთ პატიმრები და მაგალითად ციხის საავადმყოფოში მოათავსონ, - თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა.