"ოცნება" მორიგ დიპლომატიურ სკანდალში გაეხვა
ტრამპის ნაცვლად დარეკა მარკო რუბიოს უწყებამ, პირდაპირ ელჩთან და ისიც დიპლომატიური დემარშისთვის. მამუკა მდინარაძის ერთმა განცხადებამ მთელი პარტია დიდ სკანდალში გახვია. ურთიერთობების გადატვირთვის ნაცვლად, სუს-ის შეფის ბრალდებებმა, ვაშინგტონი კიდევ უფრო გააბრაზა. ტაილანდიდან რევოლუციური პროცესების დაფინანსების შესახებ გაკეთებული განცხადების გამო, თამარ ტალიაშვილი სახელმწიფო დეპარტამენტში დაიბარეს.
მამუკა მდინარაძემ ამერიკის შეერთებული შტატები, შემოვლითი გზებით, საქართველოში გადატრიალების დამფინანსებლად გამოაცხადა. თქვა, რომ ფული საქართველოში ტაილანდიდან ირიცხება. რა ხდება რეალურად? - ბანკოკის ფინანსური ცენტრის მეშვეობით ამერიკის შეერთებული შტატები ფინასურ გადარიცხვებს ახორციელებს სახელწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის, პენსიებს ყოფილი ჩინოსნებისთვის და გრანტებს მსოფლიოს მასშტაბით, სწორედ ბანკოკიდან ირიცხებოდა წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობისთვის გამოყოფილი გრანტებიც, რომელსაც შემდეგ მთავრობა განკარგავდა. ანუ ფულის გადმორიცხვა ხდება ბანკოკის ფინანსური ცენტრის მეშვეობით, რადგან ეს არის ამერიკის გლობალური საერთაშორისო გადასახადების კვანძი.
ელჩის სახელმწიფო დეპარტამენტში დაბარების ამბავს "ოცნება" საგულდაგულოდ მალავდა. ინფორმაცია ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" მეშვეობით გავიგეთ, მედია გამოცემას, ამერიკის საელჩოს წარმომადგენელმა დაუდასტურა, რომ თამარ ტალიაშვილი სახ. დეპში იყო დაბარებული, იმისთვის, რომ ვაშინგტონის სახელით მისთვის შეშფოთება გადაეცათ და ეთქვათ, რომ რასაც მისი პარტიის წარმომადგენლები ამტკიცებენ, აფსურდია.