რაჟდენ კუპრაშვილი "თავისუფლების მოედანს" მიადგა - მესამე სექტორი ტოტალურ კონტროლზე საუბრობს
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი დროის, საათის და წამების სიზუსტით ითხოვს, "თავისუფლების მოედნის" წევრების მოქმედ და გაუქმებულ საბანკო ანგარიშებზე წვდომას, მიმდინარე წლის იანვრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით. წერილში ვკითხულობთ, რომ რაჟდენ კუპრაშვილი ადრესატებისგან თანხმობასაც არ ელოდება, არიან თუ არა თანახმა მათი პირადი საბანკო ინფორმაცია რაჟდენ კუპრაშვილის ხელში ჩავარდეს. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა ამის ნებართვა სასამართლოსგან უკვე მიიღო.
რაჟდენ კუპრაშვილს შეუძლია მოითხოვოს ინფორმაცია პოლიტიკური პარტიის ფინანსების შესახებ. ან მოსთხოვოს ამა თუ იმ პარტიაში გაწევრიანებულ პოლიტიკოსს ფინანსური დეკლარაციის შევსება. მაგრამ "თავისუფლების მოედანი" ამგვარ შემოწმებაში არ ჯდება, რადგანაც მათ უკვე ორჯერ უთხრეს უარი პარტიად დარეგისტრირებაზე, მესამედ შეტანილ განაცხადზე კი ამ დრომდე პასუხიც არ მიუღიათ.
რაჟდენ კუპრაშვილი ფინანსებს არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს და მესამე სექტორს უკონტროლებს, არამედ მედიასაც. დღეს ევროსაბჭოს ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმამ ქართულ მედიებზე განგაშის სიგნალი ჩართო. განგაშის საფუძველი კი ისევ რაჟდენ კუპრაშვილია, რომელიც მედიაორგანიზაციებისგან ყველა საგრანტო ხელშეკრულების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ითხოვს.