პოლიტიკურ ხელმძღვანელობას სასჯელი უკვე განსაზღვრული აქვს - ირაკლი ნადირაძის ადვოკატი
ირაკლი ნადირაძის ადვოკატის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის საქმის მასალებში პოლიტიკური განცხადებების გარდა, ხელშესახები არაფერი დევს.
როგორც აბესაძემ სასამართლო პროცესის დაწყების წინ მედიასთან განაცხადა, საქმე პოლიტიკურია და "პოლიტიკურ ხელმძღვანელობას სასჯელიც წინასწარ განსაზღვრული აქვს".
გარდა ამისა, უფლებადამცველის თქმით, საქმეში დევს, რომ დაზიანდა პრეზიდენტის ღობე და ბოძკინტები, 5 ცალი, რომეთა ღირებულება ადვოკატის ვარაუდით, 900 ლარია.
რადგანაც ვიმყოფებით ამ რეალობაში, როდესაც მსგავსი ე.წ. პროცესები იმართება, როდესაც პოლიტიკური ხელმძღვანელობის პირდაპირი დაკვეთები სრულდება სამართალდამცავი სისტემისგან, სასამართლოებისგან და პროკურატურისგან, ასეთ პირობებში, არანაირი მოლოდინი, რომ დაცვის მხარის დასაბუთებულ შუამდგომლობებს, პირველ რიგში საქმის შეწყვეტის შესახებ, შემდეგ რა თქმა უნდა, აღკვეთის ღონისძიების არა ყველაზე მკაცრი ღონისძიების - პატიმრობის გამოყენების შესახებ, დააკმაყოფილებს, ამის მოლოდინი არ გვაქვს.
სამწუხაროდ, არა მარტო აღკვეთის ღონისძიება, არამედ სასჯელიც კი პოლიტიკურ ხელმძღვანელობას განსაზღვრული აქვს, ამ ტიპის პროცესებში. ჩვენ უბრალოდ იძულებულები ვართ, ამ ფარსში მონაწილეობა მივიღოთ. საქმის მასალებში არაფერი ხელშესახები არ დევს, გარდა პოლიტიკური განცხადებებისა. ამის მიღმა საქმეში დევს, რომ დაზიანდა პრეზიდენტის ღობე და ბოძკინტები, 5 ცალი, რომეთა ღირებულება 900 ლარია თუ 200 ლარიო, მაგრამ, საქმეში დევს რაიმე თუ არა, ამ სასამართლოსთვის საბოლოო შედეგზე გავლენას არ ახდენს, ვნახეთ მზია ამაღლობელისა და სხვა სინდისის პატიმრების საქმე, სადაც არანაირი მტკიცებულება არ იყო, მაგრამ განაჩენი დადგა“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
„4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის“ დაკავებულ წევრებს – პაატა ბურჭულაძეს, ირაკლი ნადირაძეს, მურთაზ ზოდელავას, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს პროკურატურამ ბრალდება 6 ოქტომბერს წარუდგინა.
ბურჭულაძეს, ზოდელავასა და ნადირაძეს ბრალად ედებათ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირების მცდელობა ჯგუფურად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მოწოდება კონსტიტუციური წყობილების შეცვლისკენ.
პაატა მანჯგალაძეს ბრალად ედება ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხოლო ლაშა ბერიძეს - სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირების მცდელობა ჯგუფურად და ჯგუფური ძალადობის ორგანიზება.