"ჯანმრთელობის მდგომარეობას უკვე ეტყობა მნიშვნელოვანი ცვლილებები" - ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილზე
მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, ნიკა გვარამიას, ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს საპატიმროს დატოვება და კლინიკაში გადაყვანა არ სურს. ამის მიუხედავად, უფლებადამცველი არ გამორიცხავს, რომ 2-3 დღეში მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია გახდეს საჭირო.
ნიკა გვარამიას თქმით, მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას მნიშვნელოვანი ცვლილებები უკვე ეტყობა.
ჯანმრთელობის მდგომარეობას უკვე ეტყობა მნიშვნელოვანი ცვლილებები. კერძოდ, ფერი, მოტორიკა შენელებულია, უჭირს გადაადგილება, რამდენადაც მე შევატყვე, თუმცა აბსოლუტურად პარადოქსულად ჩემთვის მისი მსჯელობა უპრობლემოა, არავითარი ცვლილება არ ეტყობა მსჯელობას, აზროვნებას და კომუნიკაციას და რაც მთავარია, ოპტიმიზმი ძალიან მაღალ ხარისხში. ასე რომ, მგონია, რომ ყველაფერი ნორმალურად იქნება, თუმცა ვვარაუდობ, რომ რამდენიმე დღეში, 3-4 დღეში, ალბათ დადგება ჰოსპიტალიზაციის საკითხი, - თქვა გვარამიამ.
რუსთავის მე -12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად ამ წუთებში მედიკოსთა ჯგუფი იმყოფება.