"მნიშვნელოვანი არ არის ამბოხის მოტივი, თუ რამ გამოიწვია 4 ოქტომბერი?" -ბოლო ცნობები დამხობის ბრალდებით დაკავებულების პროცესიდან

07.10.25 12:19
"მნიშვნელოვანი არ არის ამბოხის მოტივი, თუ რამ გამოიწვია 4 ოქტომბერი?" -ბოლო ცნობები დამხობის ბრალდებით დაკავებულების პროცესიდან

"როცა ბრალდების მხარე საუბრობს კონსტიტუციის დამხობაზე, დაცვის მხარე საუბრობს საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში დაბრუნებაზე" - ამის შესახებ მურთაზ ზოდელავას და პაატა მანჯგალაძის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა. 

ბასილაიამ პრალდების მხარეს მიმართა და თქვა, რომ "ძალადობას ახორციელებს ხელისუფლებად წოდებული ჯგუფი და ეს აქტი იყო ძალადობისგან თავის დახსნა", რის შემდეგაც მას პროკურორმა სიტყვა შეაწყვეტინა, ასევე მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა მიუთითა, რომ პოლიტიკური განცხადებებისგან თავი შეეკავებინა. 

ბასილაიამ კი სასამართლოს უთხრა, რომ საქმე თავისი შინაარსით პოლიტიკურად მოტივირებულია, ამიტომაც შეუძლებელია პოლიტიკური შინაარსი არ ჰქონდეს მის განცხადებებს. 

როცა ბრალდება საუბრობს, რომ ეს იყო ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, სინამდვილეში ეს იყო მცდელობა აღკვეთილიყო ის აღვირახსნილი ძალადობა, რომელსაც ახორციელებს "ქართული ოცნება".  ძალადობას ახორციელებს ხელისუფლებად წოდებული ჯგუფი და ეს აქტი იყო ძალადობისგან თავის დახსნა. უკანასკნელი წლების მანძილზე ასეულობით ადამიანია დასისხლიანებული და არც ერთი მოძალადე პასუხისგებაში არაა მიცემული.

მნიშვნელოვანი არ არის ამბოხის მოტივი? რატომ არ მაქვს უფლება მივუთითო ფაქტებზე, რომელმაც 4 ოქტომბერი გამოიწვია? დარბაზში იჯდა მაკა ჩიხლაძე(ტვ პირველის ჟურნალისტი - რ.თ), მას თავს დაესხნენ პოლიციის კორდონში მიმავალი ტიტუშკები, პოლიცია შეესწრო და არათუ ვინმე დააკავა, არ დააიდენტიფიცირა ისინი. ამ ვითარებაში ვცხოვრობთ ჩვენ...

ჩვენ დაახლოებით ორი თვის წინ ვნახეთ პოლიციელებს როგორ ურტყამდნენ თავში ბოთლებს, ქართული ოცნების წარმომადგენლები მათი წამქეზებლები და ისინი არავის დაუკავებია... და მურთაზ ზოდელავას სხვა რა ძალა აქვს, რომ გასწიოს და ქვეყანა კონსტიტუციურ ჩარჩოში დააბრუნოს... პირიქით პოლიციელებს, რომ თავში ვინმემ არ ესროლოს და პოლიციელებს ის დავალება არ მიეცეთ, რომ მინივენებში ხალხი სცემონ და აწამონ, ამისთვის ხდება ეს...."- განაცხადა ბექა ბასილაიამ. (რადიო თავისუფლების მიხედვით) 

ბექა ბასილაიამ სიტყვის დასასრულეს სასამართლოს უთხრა, რომ ეს არ არის ბრძოლა საქართველოს ევროპული მომავლისთვის და მოვა დრო, როცა ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა.

მოვა დრო ყველაფერს დაერქმევა სახელი, ეს არ არის ბრძოლა მხოლოდ საქართველოს ევროპული მომავლისთვის, უბრალოდ ეს მომავალი საქართველოს გადარჩენასთანაა გადაჯაჭვული, თორემ ვინმეს მანჩესტერის, ბრიუსელის ფეტიში კი არ აქვს, იმიტომ ვიბრძვით, რომ რაც აქ ხდება რუსეთს მოსწონს... აუცილებლად მოვა დრო, როცა ეს ხალხი დადგენიან იმათ გვერდზე ვინც 1924 წლის აჯანყების მესვეურები იყვნენ, ოღონდ ის ხალხიც გაასამართლეს, გაასამართლეს კი არა დახვრიტეს და წლების მანძილზე ქაქუჩა ჩოლოყაშვილი მოიხსენიებოდა, როგორც ბანდიტი, თავქარიანი....იმედია არ დაგვჭირდება საუკუნის გასვლა იმისთვის, რომ ამ ადამიანების მცდელობას თავისი სახელი დაერქვას და არა ის, რომ ისინი არიან კრიმინალები", - განაცხადა ბასილაიამ. 

სხდომაზე ბრალდების მხარემ ყველა დაკავებულისთვის პატიმრობის შეფარდება მოითხოვა.

პაატა ბურჭულაძეს, ირაკლი ნადირაძეს, მურთაზ ზოდელავას, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს პროკურატურამ ბრალდება 6 ოქტომბერს წარუდგინა.

ბურჭულაძეს, ზოდელავასა და ნადირაძეს ბრალად ედებათ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირების მცდელობა ჯგუფურად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მოწოდება კონსტიტუციური წყობილების შეცვლისკენ.

პაატა მანჯგალაძეს ბრალად ედება ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხოლო ლაშა ბერიძეს - სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირების მცდელობა ჯგუფურად და ჯგუფური ძალადობის ორგანიზება.

მსგავსი სიახლეები