ელჩები საყვედურისთვის არ დაგვიბარებია - მაკა ბოჭორიშვილი

07.10.25 13:08
ელჩები საყვედურისთვის არ დაგვიბარებია - მაკა ბოჭორიშვილი

საგარეო უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ელჩები საყვედურისთვის არ დაუბარებიათ და მიზანი მიმდინარე მოვლენების ობიექტური შეფასება იყო. მაკა ბოჭორიშვილის მტკიცებით, საერთაშორისო თანამეგობრობის და აქტორების მხრიდან 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით არასწორი და უსამართლო განცხადებები გაკეთდა.

ამასთან, ბოჭორიშვილი ამბობს, რომ 4 ოქტომბერი პოლიტიკური "მზიანი დღე იყო".  

დღეს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეკრება ემსახურებოდა იმ მიზანს, რომ დიპლომატიური კორპუსისთვის მიგვეწოდებინა სრული ინფორმაცია არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც ჩატარდა 4 ოქტომბერს, ასევე ამ დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით თბილისში. მათ მიეწოდათ ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ იხილა პირდაპირ ეთერში. ამასთანავე, იმ გამოძიებებზე, რომელიც მიმდინარეობს 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

ასევე, საუბარი შეეხო გამოხმაურებებს, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ საერთაშორისო თანამეგობრობის და აქტორების მხრიდან და რომელიც, ხშირ შემთხვევაში, არასწორად ასახავს და ეხმაურება განვითარებულ მოვლენებს, ქმნის მცდარ აღქმებსა და წარმოდგენებს საქართველოსთან დაკავშირებით. იყო საუბარი ამ საკითხებზე. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ობიექტურად იყოს საქართველოში მიმდინარე პროცესები შეფასებული და გაკეთდეს ობიექტური და სამართლიანი განცხადებები.

ძალიან ნათელი და მზიანი დღე იყო 4 ოქტომბერი საქართველოში. ძალიან მზიანი და კარგი ამინდი იყო ნამდვილად, არ იყო შავი დღე. პოლიტიკურადაც მზიანი ამინდი იყო საქართველოში ამ დღის განმავლობაში. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ობიექტურ და სამართლიან შეფასებაზე საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და საქართველოსთან დაკავშირებით, ამაზე ვსაუბრობთ სწორედ, რომ ის განცხადებები, რომელიც ჩვენ კონკრეტული პირებისგან მოვისმინეთ და რომელიც რამდენიმე ქვეყნის მიერ იყო გაზიარებული, არასწორად ასახავს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. ელჩები საყვედურისთვის არ დაგვიბარებია, ელჩები დავიბარეთ იმისთვის, რომ მიგვეწოდებინა ობიექტური ინფორმაცია“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს ელჩები დაიბარეს. დიპლომატებს მაკა ბოჭორიშვილის მოადგილე შეხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, თემა 4 ოქტომბრის მოვლენები იყო. ცნობილია, რომ ელჩებმა საგარეო უწყება მისვლიდან 20 წუთში დატოვეს. 

მსგავსი სიახლეები