საქმეში დანაშაულის არც ერთი ნიშანი არ არის, ეს პოლიტიკური დევნის კლასიკური მაგალითია - პაატა ბურჭულაძის ადვოკატი
გაუგებარია და აზრი ვერ გავიგე, რას ვედავებით პაატა ბურჭულაძეს - ამის შესახებ ბრალდებული მსოფლიო ბანის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
თუთბერიძე საქმეს პოლიტიკურ დევნად აფასებს, რადგან მისი თქმით, ბრალის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება საქმეში არ არსებობს.
ადვოკატი ამბობს, რომ პაატა ბურჭულაძემ მხოლოდ მანიფესტის ტექსტი წაიკითხა, ამიტომაც მისთვის ბრალის შინაარსი დაუსაბუთებელია.
„ჩემთვის ბრალდების შინაარსი გაუგებარია და აზრი ვერ გავიგე, რას ვედავებით პაატა ბურჭულაძეს. გულუბრყვილო მოლოდინი, რომ სამართლებრივმა არგუმენტმა რამე შეიძლება შეცვალოს, არ გვაქვს, მაგრამ მინდა გთხოვოთ თქვენც და პროკურატურასაც, იქნებ სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცეთ ამ ყველაფერს, რადგან პროკურატურა ხან რომელ ეთერში გაკეთებულ განცხადებას კითხულობს და ხან - რომელ ეთერში.
საქმეში დანაშაულის არც ერთი ნიშანი არ არის და ეს კლასიკური მაგალითია, პოლიტიკური დევნის“,- განაცხადა თუთბერიძემ.
პაატა ბურჭულაძეს, ირაკლი ნადირაძეს, მურთაზ ზოდელავას, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს პროკურატურამ ბრალდება 6 ოქტომბერს წარუდგინა.
ბურჭულაძეს, ზოდელავასა და ნადირაძეს ბრალად ედებათ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირების მცდელობა ჯგუფურად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მოწოდება კონსტიტუციური წყობილების შეცვლისკენ.
პაატა მანჯგალაძეს ბრალად ედება ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხოლო ლაშა ბერიძეს - სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირების მცდელობა ჯგუფურად და ჯგუფური ძალადობის ორგანიზება.