კი, ბატონო, "ოცნების" წარმომადგენელი ვიყავი - ვინ განიხილავს მსოფლიო ბანის საქმეს?

07.10.25 13:36
კი, ბატონო, "ოცნების" წარმომადგენელი ვიყავი - ვინ განიხილავს მსოფლიო ბანის საქმეს?

4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორების საქმეზე ადვოკატმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა. პროცესზე შოთა თუთბერიძემ ლელა მარიდაშვილს დაუსვა კითხვა, იყო თუ არა ის "ოცნების" წარმომადგენელი, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო.

"ქართული ოცნების წარმომადგენელი ბრძანდებოდით?“ 

„კი ბატონო“, - უპასუხა მოსამართლემ და აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია საჯაროდ წერია, დაფარული არ არის.

ამის შემდეგ ინტერესების დამცველმა თქვა, რომ ამ საქმეზე მარიდაშვილს პოლიტიკურად მიკერძოებულად მიიჩნევს. 

გვერდს ვერ ავუვლით იმას, რომ თქვენ მკაფიოდ გამოხატული პრეფერენციები გაქვთ იმ პარტიისადმი, რომელიც ასამართლებს ბრალდებულებს... თქვენი წინსვლა, რომელიც გაგრძელდა სასამართლოში, მკაფიოდ უკავშირდება თქვენს პოლიტიკურ შეხედულებებს და ეჭვი მაქვს, რომ ამას უკავშირდება თქვენი სასამართლოში წამოსვლა.

„ყოველი ასეთი საქმე თქვენთვის იქნება „მტრის საქმე“... სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევაა იქნება ის, თუ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს მისი პოლიტიკური მოწინააღმდეგე გაასამართლებს. „თქვენ ამ საქმეში პოლიტიკურად ანგაჟიღებული ხართ და სიმპატიები გაგაჩნიათ. თქვენ პირდაპირ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ბრძანდებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი. ბრალდებულები სამართლდებიან იმისთვის, რომ "ქართული ოცნების" მოწინააღმდეგეები არიან“,- განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

მოსამართლის აცილების შუამდგომლობას პროკურორი ვაჟა თოდუა არ დაეთანხმა. მისი თქმით, ადვოკატებისთვის თავიდანვე იყო ცნობილი მოსამართლის პოლიტიკური წარსული.

„ჩვენი წინარე სამსახური არ შეიძლება გახდეს აცილების საფუძველი“, - თქვა ვაჟა თოდუამ, რაზეც თუთბერიძემ უპასუხა:

„ბიძინა რომ იყოს ახლა მოსამართლე, ანუ ოქეია?“

აღსანიშნავია, რომ პაატა ბურჭულაძისა და 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის დანარჩენი ოთხი წევრის საქმის მოსამართლე  2017-23 წლებში საგარეჯოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და პირველი მოადგილე იყო.

ლელა მარიდაშვილი მოსამართლის თანამდებობაზე გამწესდა 2024 წლის 1 ოქტომბერს, 3 წლიანი გამოსაცდელი ვადით. მარიდაშვილი ფიგურირებს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის - აფგან სადიგოვის საქმეშიც: მარიდაშვილმა დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და სადიგოვს დაუსაბუთებლად გაუგრძელა საექსტრადიციო პატიმრობა 3 მაისამდე. სწორედ ამ გადაწყვეტილების შემდეგ დაიწყო სადიგოვმა აბსოლუტური შიმშილობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზების ბრალდებით დაკავებულების - მსოფლიო ბანის, ექს პროკურორის, ორი პოლიტიკოსის და პოლკოვნიკის პროცესი მიმდინარეობს. მოსამართლე ლელა მარიდაშვილი პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ნადირაძის, მურთაზ ზოდელავის, პაატა მანჯგალაძის და ლაშა ბერიძის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს. 

დაკავებულებს პროკურატურამ ბრალდება 6 ოქტომბერს წარუდგინა.

ბურჭულაძეს, ზოდელავასა და ნადირაძეს ბრალად ედებათ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირების მცდელობა ჯგუფურად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მოწოდება კონსტიტუციური წყობილების შეცვლისკენ.

პაატა მანჯგალაძეს ბრალად ედება ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხოლო ლაშა ბერიძეს - სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირების მცდელობა ჯგუფურად და ჯგუფური ძალადობის ორგანიზება.

 

 

მსგავსი სიახლეები