თუ ვინმემ დაგვამხო კონსტიტუცია თავზე, ეს ბიძინა ივანიშვილია - ირაკლი ნადირაძის სიტყვა

07.10.25 13:44
თუ ვინმემ დაგვამხო კონსტიტუცია თავზე, ეს ბიძინა ივანიშვილია - ირაკლი ნადირაძის სიტყვა

"ნაციონალური მოძრაობის" დაკავებული ლიდერი, ირაკლი ნადირაძე ბრალს არცერთ ნაწილში არ აღიარებს - როგორც 4 ოქტომბრის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა სასამართლოზე განაცხადა, თუ ვინმემ "დაამხო" ქართველ ხალხს კონსტიტუცია თავზე, ეს ბიძინა ივანიშვილი.

მისი თქმით, სწორედ ივანიშვილს ჰყავს ამ ქვეყანაში ძალადობრივი და ორგანიზებული ჯგუფები, რომლებმაც ნოემბერ-დეკემბრის თვეებში ხალხზე სასტიკად იძალადა. 

ნადირაძემ სიტყვის ბოლოს მიმართა ხალხს და მათ ბოლომდე ბრძოლისკენ მოუწოდა. 

არასდროს გავქცევივარ პასუხისმგებლობას და არ ვაპირებ ახლა გავექცე, მაგრამ წარმოდგენილ ბრალს არც ერთ ნაწილში არ ვაღიარებ. პირველი მედავებიან სახელმწიფოს კონსტიტუციურ დამხობას, თუ ვინმემ დაგვამხო კონსტიტუცია თავზე, ის არის ბიძინა ივანიშვილი. უფრო მეტიც შარშან ნოემბერში განგვიცხადეს, რომ არ მიდიოდნენ ევროპისკენ და ეს იყო კონსტიტუციური დამხობა და ბრალი უნდა წაუყენოთ ბიძინა ივანიშვილს ...

თუ ვინმეს ჰყავს ამ ქვეყანაში ძალადობრივი და ორგანიზებული ჯგუფები, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ჩვენ გვინახავს პოლიტიკური პარტიების ოფისების დარბევა, ლევან ხაბეიშვილი იყო არასრულწლოვანთან ერთად, ხელკეტებით შეიარაღებული 100-მდე პირი მივიდა, დაარბიეს და არც ერთი პასუხისგებაში მიცემული არაა. 

ვნახეთ ჟურნალისტებზე ძალადობა და არც ერთი პირი დასჯილი არაა, ასე გრძელდებოდა სტუდენტებზე აქტივისტებზე, არ არის არავინ დასჯილი, რატომ? იმიტომ, რომ ამ ჯგუფებს აფინანსეს, ახალისებს ბიძინა ივანიშვილი. მესამე - სტრატეგიული შენობების დაკავება ჰო? ეს სახელმწიფო ხალხს ეკუთვნის და ყველა სტრატეგიული შენობა ხალხს ეკუთვნის...
თუ იქნება პატიმრობა, მე ამას სიმშვიდით მივიღებ, რადგან რეჟიმს უკვე ჰყავს ჩემზე ჭკვიანი, ჩემზე სიმპატიურიც პოლიტიკური პატიმრები, სინდისის პატიმრები, მაგარი გოგო-ბიჭები.

მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომლებიც არ ნებდებიან და იბრძვიან ქვეყნის თავისუფლებისთვის ღირსეული ევროპული მომავლისთვის, გამარჯვება მალე იქნება და ეს იქნება სახალხო გამარჯვება. უნდა ვიცხოვროთ უკეთეს საქართველოში... ბრძოლა გამარჯვებით დასრულდება... ეს ქვეყანა იქნება ერთიანი ძლიერი, ევროპული საქართველო", - გააცხადა ირაკლი ნადირაძემ. 

პაატა ბურჭულაძეს, ირაკლი ნადირაძეს, მურთაზ ზოდელავას, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს პროკურატურამ ბრალდება 6 ოქტომბერს წარუდგინა.

ბურჭულაძეს, ზოდელავასა და ნადირაძეს ბრალად ედებათ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირების მცდელობა ჯგუფურად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მოწოდება კონსტიტუციური წყობილების შეცვლისკენ.

პაატა მანჯგალაძეს ბრალად ედება ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხოლო ლაშა ბერიძეს - სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირების მცდელობა ჯგუფურად და ჯგუფური ძალადობის ორგანიზება.

 

მსგავსი სიახლეები