თავს რეჟიმის მსხვერპლად არ მივიჩნევ, მე მეომარი ვარ - ლაშა ბერიძის სიტყვა სასამართლოზე
"მე არ მივიჩნევ თავს რეჟიმის მსხვერპლად, მე მეომარი ვარ" - ამის შესახებ ეროვნული კრების დაკავებულმა წევრმა, ლაშა ბერიძემ სასამართლოზე განაცხადა.
პოლკოვნიკმა განსასჯელის სკამიდან სასამართლოს უთხრა, რომ არც ერთი დღე არ გაუტარებია ქვეყნისთვის ბრძოლის გარეშე.
მე არცერთი პარტიის წევრი არ ვარ. ამ ადამიანებთან თანამოაზრეობა მაკავშირებს, რომ გადავარჩინოთ ქვეყანა. გამიჭირდება ადამიანის პოვნა, ვისაც ჩემზე მეტი დღე აქვს გატარებული ამ ქვეყნისთვის ბრძოლაში.
ახლა ჩვენი ბრძოლა მშვიდობიანია. მე რომ ახლა აქ ვზივარ და ტყვე ვარ, ესეც მშვიდობიანი ბრძოლის ნაწილია. მე არ მივიჩნევ თავს რეჟიმის მსხვერპლად, მე მეომარი ვარ. ტყვე ვარ, კი ბატონო. ტყვეობა რამდენ ხანს მოგვიწევს, მნიშვნელობა არ აქვს", - განაცხადა ბერიძემ სასამართლოში.
პაატა ბურჭულაძეს, ირაკლი ნადირაძეს, მურთაზ ზოდელავას, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს პროკურატურამ ბრალდება 6 ოქტომბერს წარუდგინა.
ბურჭულაძეს, ზოდელავასა და ნადირაძეს ბრალად ედებათ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირების მცდელობა ჯგუფურად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მოწოდება კონსტიტუციური წყობილების შეცვლისკენ.
პაატა მანჯგალაძეს ბრალად ედება ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხოლო ლაშა ბერიძეს - სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირების მცდელობა ჯგუფურად და ჯგუფური ძალადობის ორგანიზება.