მაკა ბოჭორიშვილი ირწმუნება, რომ უვიზო მიმოსვლა არ შეჩერდება
"ქართული ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრი ირწმუნება, რომ "ქართული ოცნების" პოლიტიკის გამო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა არ შეჩერდება.
მაკა ბოჭორიშვილი ჟურნალისტის კითხვას, თუ რას აკეთებს "ოცნება" იმისთვის, რომ უვიზო მიმოსვლა არ შეჩერდეს, არ პასუხობს.
შემიძლია, დაგამშვიდოთ. "ქართული ოცნების" პოლიტიკის გამო არ შეგიწყდებათ. "ქართული ოცნების" პოლიტიკის დამსახურებით მივიღეთ ჩენ უვიზო მიმოსვლა. "ქართული ოცნების" პოლიტიკის გამო დაგარწმუნებთ, რომ ეს საფრთხე... საქართველო ასრულებდა ყოველთვის ძალიან კარგად იმ ვალდებულებებს, რაც უკავშირდება ევროკავშირთან ურთიერთობებს, მათ შორის, ასოცირების შეთანხმებას. ეს არის ინსტრუმენტალიზაცია ევროკავშირთან ურთიერთობების, ეს არის პოლიტიკურ ინსტრუმენტად, მათ შორის უვიზო მიმოსვლის გამოყენების მცდელობა," - ამბობს მაკა ბოჭორიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა, დღეს, უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა - კენჭისყრაზე ამ გადაწყვეტილებას 518-მა ევროდეპუტატმა დაუჭირა მხარი.
ცნობისთვის, კენჭისყრამდე ევროპარლამენტში დებატები გაიმართა, სადაც დეპუტატებმა განაცხადეს, რომ უვიზო რეჟიმით არ უნდა ისარგებლონ იმ ქვეყნების მთავრობის მაღალჩინოსნებმა და დიპლომატებმა, რომლებიც ადამიანის უფლებებს მასობრივად არღვევენ.