მოსამართლე მარიდაშვილმა გვითხრა, რომ "ოცნების“ წინააღმდეგ აქციის გამართვა დანაშაულია - ნადირაძის ადვოკატი
"წინასწარ იყო დაწერილი, არამარტო აღკვეთის ღონისძიება, არამედ საბოლოო სასჯელიც დაწერილია" - ამის შესახებ ირაკლი ნადირაძის ადვოკატმა, ირაკლი აბესაძემ 4 ოქტომბრის აქციის მოვლენებზე დაკავებულების სასამართლო პროცესის დასრულების შემდგომ განაცხადა.
მისი თქმით, ამას მოწმობს მოსამართლე ლელა მარიდაშვილის გადაწწყვეტილება, რომელიც სათათბიროდაც კი არ გასულა, ისე გაუშვა 5-ვე ბრალდებული პატიმრობაში.
აბესაძის თქმით, მარიდაშვილი, რომელიც სულ რაღაც ორი წლის წინ ივანიშვილის გუნდს წარმოადგენდა და საკრებულოს მაღალჩინოსნის პოზიციას იკავებდა, პირდაპირ თქვა სასამართლოზე, რომ "ოცნების" წინააღმდეგ აქციის გამართვა დანაშაულია, რაც მის მიკერძოებულობას უსვამს ხაზს.
რაც შეეხება დაკავებულების პოზიციას, ადვოკატის თქმით, იმაში, რომ „ოცნების“ მიერ მიტაცებული ძალაუფლების დათმობისთვის მშვიდობიან შეკრებას გაუკეთეს ორგანიზება, ამაში თავს დამნაშავედ ვერც ერთი ვერ იგრძნობს.
„ჯერ კიდევ 2 წლის უკან, „ქართული ოცნების“ საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, „ქართული ოცნების“ თანამდებობის პირმა, დღეს მოსამართლემ ლელა მარიდაშვილმა გვითხრა, რომ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ აქციის გამართვა, მშვიდობიანი აქციის ორგანიზება, ეს არის დანაშაული. ამით უკვე, ყველაფერი ნათქვამია, რამდენად სამართლებრივ და კანონიერ პროცედურასთან გვქონდა საქმე სასამართლოში.
რაც შეეხება ბრალდებულების პოზიციებს, თქვენს შეკითხვას, რომ მათ შორის იყო განსხვავება. დიახ, ბუნებრივია, იქნებოდა იმიტომ რომ არანაირი ორგანიზება, გარდა მოქალაქეების მიმართ მოწოდებისა, რომ შევკრებილიყავით მშვიდობიანად და ქვეყანა დაგვებრუნებინა კონსტიტუციურ წესრიგში, ამის მეტი არანაირი ორგანიზება არ არსებობდა. ამიტომ, შეიძლება, ჟურნალისტს ან რომელიმეს მოგეჩვენათ, რომ განსხვავებული პოზიცია იყო. მოგეჩვენათ, რომ ვიღაცამ რაღაცა განსხვავებულად თქვა. სინამდვილეში, ერთი, რაც ყველა ბრალდებულმა თქვა, ეს არის მათი ბრძოლა. ის ბრძოლა, რომელსაც ასობით ათასი ადამიანი ქუჩაში პროტესტით გამოხატავს. მილიონობით ადამიანი, უბრალოდ არ ვამბობ ამ სიტყვას, გულშემატკივრობს ამ პროცესს. ეს არის ბრძოლა ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. ამაში ყველა ბრალდებულის პოზიცია იყო ერთნაირი. ამიტომ, იმაში, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მიტაცებული ძალაუფლების დათმობისთვის მშვიდობიან შეკრებას გაუკეთეს ორგანიზება, რა თქმა უნდა, ამაში თავს დამნაშავედ ვერც ერთი ვერ იგრძნობს.
მოსამართლემ, რომელიც ორი წლის წინ, ამ პოლიტიკურ ჯგუფის წევრი იყო, რომლის წინააღმდეგ მოქმედების განხორციელების გამო დღეს ადამიანებს ბრალი აქვთ წაყენებული, ყველაზე მკაცრი ღონისძიება - პატიმრობა გამოიყენა ისე, რომ სათათბიროდაც არ გასულა. გასაგებია, რომ წინასწარ იყო დაწერილი, არამარტო აღკვეთის ღონისძიება, არამედ საბოლოო სასჯელიც დაწერილია“,- განაცხადა ადვოკატმა.
მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორებს – პაატა ბურჭულაძეს, ირაკლი ნადირაძეს, მურთაზ ზოდელავას, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს პატიმრობა შეუფარდა.
ბურჭულაძეს, ზოდელავასა და ნადირაძეს ბრალად ედებათ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირების მცდელობა ჯგუფურად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მოწოდება კონსტიტუციური წყობილების შეცვლისკენ.
პაატა მანჯგალაძეს ბრალად ედება ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხოლო ლაშა ბერიძეს - სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირების მცდელობა ჯგუფურად და ჯგუფური ძალადობის ორგანიზება.