საქართველოს პატრიოტები „ოცნების“ წარმომადგენელმა გაასამართლა - ზოდელავას და მანჯგალაძის ადვოკატი
საქართველოს პატრიოტები „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა გაასამართლა - ამის შესახებ 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული მურთაზ ზოდელავასა და პაატა მანჯგალაძის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ლელა მარიდაშვილი, საქმის განმხილველი მოსამართლე, ორიოდე წლის წინ სწორედ „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის საკრებულოში.
ბუნებრივია, ჩვენ ზუსტად ვიცოდით, რომ ეს გადაწყვეტილება იქნებოდა. არანაირი ილუზია არ არსებობდა, რომ სხვაგვარ გადაწყვეტილებას მიიღებდა ქალბატონი ლელა მარიდაშვილი, მით უმეტეს, აღმოჩნდა, რომ თავად ქალბატონი ლელა სულ ორიოდე წლის წინ „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის საკრებულოში. ანუ დღეს გვქონდა ვითარება, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირები, საქართველოს პატრიოტები გაასამართლა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა,“ - განაცხადა ბასილაიამ.
მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორებს – პაატა ბურჭულაძეს, ირაკლი ნადირაძეს, მურთაზ ზოდელავას, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს პატიმრობა შეუფარდა.
ბურჭულაძეს, ზოდელავასა და ნადირაძეს ბრალად ედებათ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირების მცდელობა ჯგუფურად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მოწოდება კონსტიტუციური წყობილების შეცვლისკენ.
პაატა მანჯგალაძეს ბრალად ედება ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხოლო ლაშა ბერიძეს - სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირების მცდელობა ჯგუფურად და ჯგუფური ძალადობის ორგანიზება.